გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილის ადვოკატის როლიდან ვერ გამოდის

5-09-2018

უმრავლესობის დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილის ადვოკატის როლიდან ვერ გამოდის და თუკი სადმე შესაძლებლობა აქვს, ყველგან წერს მერაბიშვილის საქმეს, მაგრამ სიცრუით.
ამის შესახებ ოხანაშვილმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს ეტყობა, რომ მასზე ოთარ კახიძემ იმუშავა. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ რეკომენდაციების თავს შეიძლება ეწოდოს მერაბიშვილი „ვერსუს“ შოთაძე და წულუკიანი.

„მესმის, რომ ბატონი ოთარი იყო ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, მაგრამ ის ამ როლიდან ვერ გამოდის. თუკი სადმე რამე შესაძლებლობა აქვს, ყველგან წერს მერაბიშვილის საქმეს, მაგრამ სიცრუით, თითქოსდა სტრასბურგმა დაადგინა ერთი ერთში, რომ ციხიდან ვინმეს გაყვანას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატმა ოთარ კახიძეს შეახსენა ის პასუხისმგებლობა, რომელიც საგამოძიებო კომისიაში აკისრია და მერაბიშვილის ადვოკატის როლიდან გამოსვლა ურჩია.

ანრი ოხანაშვილის თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში საუბარია იმაზე, რომ მირზა სუბელიანი ფლობდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს და ამ კადრებით აშანტაჟებდა ხელისუფლებას.

„ეჭვების საფუძველზე მიუთითებს, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ და საუბარია რაღაც მითებზე, რომ თურმე მირზა სუბელიანი ფლობს რაღაც კადრებს. ბატონო ოთარ, მირზა სუბელიანი არის ციხეში და ახლა მაინც რატომ არ აშკარავდება კადრები, რომლითაც ვითომ სუბელიანი ვიღაცას აშანტაჟებდა. მეტი რაღა უნდა მოხდეს მირზა სუბელიანის მიმართ, რომ დაიმსხვრეს ეს მითი და გამოხვიდეთ ადვოკატის როლიდან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი მითებითა და ვარაუდებით საზოგადოებას შეცდომაში ვერავინ შეიყვანს, რადგან ყველაფერს კარგად ხვდებიან.

რაც შეეხება თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ამ მოთხოვნასაც უპასუხა.

ოხანაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანის დაბარების არგუმენტად ოპოზიცია იუსტიციის მინისტრის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას ასახელებდა, თუმცა ოხანაშვილის აზრით, ამის რეალური მიზეზი ის იყო, რომ ოპოზიციას სურდა, მედიაში მომხდარიყო ტირაჟირება, რომ წულუკიანი კომისიის სხდომაზე დაიბარეს.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანს კითხვაც კი არ დაუსვეს და მაშინ პასუხი ვერავინ მიიღო, რატომ დაიბარეს იუსტიციის მინისტრი, თუ მას კითხვას არ დაუსვამდნენ.

„თეა წულუკიანი ევროპულ სასამართლოში პოლიტიკური პროცესის წარმართვის საშუალებას არ გაძლევთ. ამის გამო ხართ გამწარებული და გაბრაზებული მასზე, რომ კვალიფიციურად, სამართლებრივი არგუმენტაციით წარმოაჩენს სახელმწიფოს პოზიციას. ამის გამო ჩაწერეთ წულუკიანი კომისიაზე გამოსაკითხ პირთა სიაში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031