11-10-2023
ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ცალკეული პოლიტიკური პარტიების და მათთან დაკავშირებული ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთგვარ აჟიოტაჟსა და სპეკულაციურ განცხადებებზე უნდა ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად ყველა ის სამართლებრივი საკითხი, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა, რომ დარეგულირებულიყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, გავითვალისწინეთ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს, საქართველოს პარლამენტს სასამართლოსთან დაკავშირებით არ უმუშავია.
ოხანაშვილის განმარტებით, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები ახდენდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი იმ სამუშაო ჯგუფის საბოტაჟს, რომელიც სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობდა.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ვითანამშრომლებდით ვენეციის კომისიასთან. პირველივე პაკეტი, რომელიც დავაინიცირეთ, გავუგზავნეთ ვენეციის კომისიას და დღემდე მათთან კონსულტაციების რეჟიმში ვართ. თუ დააკვირდებით, რადიკალური ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს, საპარლამენტო უმრავლესობას, საქართველოს პარლამენტს, სასამართლოსთან დაკავშირებით არ უმუშავია და თითქოს, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც განვახორციელეთ, არაფერს ნიშნავს.
ჩვენ საზოგადოებას და თქვენც შეგახსენებთ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დასაწყისშივე შევქმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სამთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიმუშავა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები. ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება შევთავაზეთ საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ შესაბამისი პროფესიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ეს იყო მაქსიმალურად გახსნილი, საჯარო, ინკლუზიური პროცესი. და დღეს, ის ადამიანები საუბრობენ ამ პროცესის ნაკლოვანებაზე, გვესაუბრებიან სასამართლო რეფორმის საჭიროებაზე და იმაზე, რომ თითქოს ისე არ განხორციელდა პროცესი, როგორც მათ სურდათ, ვინც მთელი სამი თვის განმავლობაში საბოტაჟის რეჟიმში იყვნენ ამ სამუშაო ჯგუფთან მიმართებით.
შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები, ბოიკოტს უცხადებდნენ სამუშაო ჯგუფს და არ იღებდნენ მონაწილეობას მის მუშაობაში. დღეს კი, გვესაუბრებიან იმაზე, თურმე ჩვენ არ გვიმუშავია და თითქოს არ გაკეთებულა ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც სახეზეა“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024