11-10-2023
„უნგრეთი ძალიან მტკიცე და უპირობო მხარდამჭერია საქართველოსი. ეს ქვეყანა და მისი პრემიერ-მინისტრი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს დასაცავად წარმოთქვას ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები, რაც ხაზგასასმელი და ყურადსაღებია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირმა კონსენსუსით უნდა მიიღოს დეკემბრისათვის პოლიტიკური გადაწყვეტილება“ - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.
როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა კონსენსუსით უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„რადიკალური ოპოზიციის ეს კომენტარი არის, სასოწარკვეთილი და ძალიან სუსტი არგუმენტით გაკეთებული. უნგრეთი ძალიან მტკიცე და უპირობო მხარდამჭერია საქართველოსი. ეს ქვეყანა და მისი პრემიერ-მინისტრი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს დასაცავად წარმოთქვას ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები, რაც ხაზგასასმელი და ყურადსაღებია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირმა კონსენსუსით უნდა მიიღოს დეკემბრისათვის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ანუ, არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე არ იქნება ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ჩვენ უკვე ყველაფერი შესრულებული გვაქვს.
ამასთან დაკავშირებით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ერთი მომენტი - სულ ახლახან გამოქვეყნდა მსოფლიო ეკონომიკური და მსოფლიო ბანკის გარკვეული მაჩვენებლები, სადაც საქართველო კორუფციის კონტროლის მიხედვით 100% -იან რეიტინგში, 68%-ს იმსახურებს და ამ მაჩვენებლის მიხედვით წინ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ 25 ქვეყანას. აქ შედის ისეთი მაჩვენებლები, როგორიც არის სახელმწიფო სახსრების კეთილსინდისიერი განაწილება, კანონგარეშე გადასახადებისაგან თავისუფლება, გარდა ამისა, არის ასეთი მაჩვენებელი კანონის უზენაესობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით 29-ე ადგილზეა და მე-14-ე ადგილზეა ევროპის წევრ ქვეყნებს შორის. ევროკავშირის და NATO-ს წევრ 21 სახელმწიფოს და დიდი შვიდეულის წევრ სამ სახელმწიფოს უსწრებს. ეს მაჩვენებელი შედგება ისეთი მდგენელებისაგან, როგორიც არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, ორგანიზებული დანაშაულისაგან თავისუფლება, კრიმინალის და ძალადობით გამოწვეული დანახარჯებისგან ბიზნესის დაცულობა, საკუთრების უფლება, არაფორმალური სექტორის მდგომარეობა და ა.შ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს რეიტინგები „ქართული ოცნების“, ან უმრავლესობის გამოთვლილი კი არ არის. ეს არის მსოფლიო რეიტინგები, რომელიც გამოთვლილია მაღალ კვალიფიციური, ობიექტური ექსპერტების მიერ და შედარებული ქვეყნებს შორის.
ასე რომ, ჩვენ ყველანაირი მაჩვენებლით ნამდვილად ვიმსახურებთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ, თუმცა აქვე კიდევ გავიმეორებ - ეს იქნება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსით მიღწეული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ალბათობით მხედველობაში მიიღებს იმ პერიოდისათვის მსოფლიოში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას“, - განაცხადა სეფაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024