5-09-2018
მარიამ ინაბა რამდენიმე წელია, იაპონიაში ცხოვრობს და მეუღლეც იაპონელი ჰყავს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამსახურში უმუშავია, ბოლოს ერთ-ერთ რესტორანში ადგილობრივებს ქართული კულინარიის შედევრებით უმასპინძლდებოდა და მათ ჩვენს კულტურას აცნობდა, უფრო ადრე, კიოტოს ტაძარში ინგლისური ენის თარჯიმნად მუშაობდა და მაგისტრატურაში სწავლის პარალელურად, უცხო ენას სხვებსაც ასწავლიდა. მარიამი იაპონურ კულტურასა და იაპონელებზე შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
- აპრილში ხუთი წელი ხდება, რაც იაპონიაში ვცხოვრობ, მაგისტრატურის სამწლიანი პროგრამით ჩამოვედი და მერე შემოვრჩი. საქართველოში თავისუფალი უნივერსიტეტი დავამთავრე, იაპონური ენის განხრით. იაპონიასთან პირველი კავშირი 11-12 წლის ასაკში მქონდა, კერძო სკოლაში დავდიოდი და იქ ესპანური ან იაპონური უნდა მესწავლა. ვიფიქრე, ესპანურს ყოველთვის ვისწავლი-მეთქი და იაპონურის შესწავლა ვარჩიე, ჩემთვის ეს უფრო საინტერესო და რთული იყო. უნივერსიტეტშიც ისეთი ფაკულტეტი შევარჩიე, სადაც ეს ენა ისწავლებოდა, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ერთი წელი თბილისში ვიმუშავე, მერე კი გამოცდები ჩავაბარე, გამიმართლა და იაპონიაში წამოვედი.
- სკოლის ასაკში იაპონურის შესწავლა რთული იყო?
- ახლა უფრო მიჭირს რაღაცების დამახსოვრება, ვიდრე ბავშვობისას, მაშინ უფრო ადვილი იყო. ზოგადად, იაპონური ენა მართლაც რთულია, ახლაც ჯერ კიდევ არ მაქვს ბოლომდე შესწავლილი. წინადადების წყობა ისეთია, როგორიც ქართულში, ამ მხრივ რთული არ არის. ზმნებს ჩვენთან დრო, უღლება აქვს, იაპონურში გრამატიკა და სალაპარაკო ენის შესწავლა იმდენად რთული არაა, როგორც იეროგლიფების დასწავლა, რადგან ერთი იეროგლიფი შეიძლება ხუთნაირად წარმოითქვას ან იწერებოდეს.
- იაპონური კულტურა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეულია, თქვენ რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად პირველი ჩასვლისას?
-პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად მომეწონა და მესიამოვნა, სისუფთავეა, ქუჩები დაწკრიალებულია, მთელი დღეც რომ იარო, ფეხსაცმლის დასვრას ვერ მოახერხებ. ავტობუსი იქნება თუ მეტრო, თავის დროზე მოდის, ყველაფერი წამებშია გათვლილი. მაღაზიებში, როგორი დონისაც უნდა იყოს, საოცარი წესრიგია, ყველგან ღიმილით შემოგეგებებიან, ასევე, რესტორნებსა და კაფეებში, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ ცოტა გვიჭირს. კეთილი ხალხი ცხოვრობს. თავიდან რომ ჩამოვედი, ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი, - ვაუ, რა კარგია, რა მაგარია-მეთქი. პირველი სამი-ოთხი თვე სულ ვმოგზაურობდი, დასვენების დღეებს ამისთვის ვიყენებდი. აქაურებს რაც უნდა ჰკითხო, ინგლისური რომც არ იცოდნენ, მაინც ყველა გეხმარება, ბოლომდე მიგყვებიან და აგიხსნიან, რაც გჭირდება, საყვარელი ხალხია, მაგრამ როცა უკვე აქ ცხოვრებას იწყებ, უფრო მეტ რამეს ხედავ. როგორც დავაკვირდი, უცხოელების მიღება მაინც უჭირთ, მათი აქ ჩასახლების მომხრე დიდად არ არიან. სტუმრები უყვართ, მაგრამ ნუ ჩაუსახლდები (იცინის). პრინციპში, ბევრგანაა ასე, მათ შორის, ჩვენთან, საქართველოში.
- დამოკიდებულებაში თუ გამოიხატება ეს?
- ძირითადად, ასაკოვან ხალხს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება. როცა სუპერმარკეტში ან სავაჭრო ობიექტში შევდივარ, შეიძლება რომელიმე მოხუცმა გამიზნულად, კალათი მომარტყას; ველოსიპედით როცა დავდიოდი, ცოტა ასაკოვანი კაცები მომაძახებდნენ ხოლმე, - შენ, უცხოელო დებილოო. ვერაფერს ეტყვი, მისი ქვეყანაა და არ სიამოვნებს. ჩემი საკუთარი ქვეყანა ლანძღავს და აგინებს უცხოელებს და მე რომ აქ რაღაც მითხრან, რა უნდა გამიკვირდეს (იცინის)?! რაც უნდა დიდხანს ვიცხოვრო აქ, მათთვის მაინც სულ უცხო ვიქნები.
- ამ ფონზე, დასაქმება რთული იყო?
- ახლა ოსაკაში ვარ, მაგრამ ადრე კიოტოში ვცხოვრობდი, მალე კვლავ იქ დავბრუნდები. ტოკიოსა და დიდ ქალაქებში მუშაობის დაწყება უფრო ადვილია. აქ, თუნდაც ინგლისურის მასწავლებლად, ამერიკელს ანიჭებენ უპირატესობას, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია. შესაბამისად, მე უფრო დაბალი ხელფასი მაქვს. აქ როცა ჩამოვედი, "ფართ თაიმზე" ვიყავი, ინგლისურს ვასწავლიდი, რადგან პარალელურად ვსწავლობდი და მთლიანი განაკვეთით ვერსად ვიმუშავებდი. როცა მაგისტრატურა დავამთავრე, კიოტოში ერთ-ერთ ცნობილ ტაძარში გიდად ვიმუშავე - იაპონელებთან და ინგლისურენოვან ტურისტებთან. დილიდან საღამომდე იქ ვიდექი და სტუმრები რომ მოდიოდნენ, ამ ტაძრის ისტორიას ვუხსნიდი. სხვათა შორის, უარყოფითი დამოკიდებულება აქაც იყო - უცხოელმა ჩემი ისტორია რატომ უნდა მასწავლოს, აქ რა უნდაო?.. თავიდან ცოტა მწყინდა, მაგრამ ბოლოს "ვატარებდი", აღარ ვაქცევდი ყურადღებას.
- რა დაათვალიერეთ სხვა ქალაქებში მოგზაურობისას?
- "გეიშას მემუარები" მქონდა ნანახი და იაპონიაში როგორც კი ჩამოვედი, მინდოდა, ის სტაფილოსფერი კარიბჭეები მენახა და სუნთქვა შემეკრა, ისეთი რეაქცია მქონდა. ნარაში ბუდას ძალიან დიდი ქანდაკებაა, ესეც საოცარი იყო და ოქროს ტაძარი, რომელიც კიოტოშია. ახლა უკვე მივეჩვიე აქაურ ღირსშესანიშნაობებს და იმდენად გაოცებული აღარ დავდივარ (იცინის). თავიდან ყველაფერს პირღია ვუყურებდი.
- თქვენი ბოლოდროინდელი საქმიანობის შესახებ გვიამბეთ, როგორ გადაინაცვლეთ კულინარიის სფეროში?
- ტაძარში მუშაობას თითქმის ორი წლის წინ დავანებე თავი, რადგან გარეთ დგომა და ქუჩაში მუშაობა აღარ შემეძლო. იმ პერიოდში ისევ ინგლისურს ვასწავლიდი. შარშან აპრილში ტოკიოში ჩავედი, სადაც ღვინის ყოველწლიური გამოფენა იყო, მე ერთ-ერთ ქართულ ღვინოს წარმოვადგენდი და იქ ჩემი ახლანდელი უფროსი შემთხვევით გავიცანი, მასაც საკუთარი ღვინო ჰქონდა წარმოდგენილი. საუბრისას მითხრა, რომ ოსაკაში ქართული ღვინის ბარის გახსნა მინდა და მენიუში ცოტა ქართულ კერძებსაც შევიტანო. შევთავაზე, დაგეხმარებით-მეთქი - მეც მინდოდა რაიმე მსგავსის გაკეთება, ისეთის, რითაც შეიძლებოდა საქართველო უფრო ცნობილი გამხდარიყო, რადგან "ჯორჯიას" ხსენებისას ყველას ამერიკელი ვეგონე და "გრუზიას" ხსენებისას, რუსი ხარო? - რომ მეკითხებოდნენ, ეს მაღიზიანებდა და მთელი ისტორიის მოყოლა მიწევდა. მოკლედ, ამიტომაც მინდოდა, რაიმე ისეთი გამეკეთებინა, რაც იაპონელებს საქართველოსა და ქართულ კულტურაზე ოდნავ მაინც შეუქმნიდა წარმოდგენას. თავიდან ჩვენს კაფეში მხოლოდ იაპონური კერძები იყო, თუმცა, ამ ეტაპზე იქ 95% ქართული კერძია. რესტორნის სამზარეულოში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ კერძებს თვითონ ვამზადებდი და დროთა განმავლობაში, ფანტაზიაც უფრო გამეხსნა.
- რა მოსწონთ იაპონელებს და როგორი დროს ტარება იციან?
- ქართული საჭმელები, რაც გასინჯეს, მოსწონთ: ხინკალი, ხაჭაპური, ნიგვზიანები. ზოგადად, ჭამაზე მეტად, დალევა და გამოთრობა უფრო უყვართ. სამსახურში გვიანობამდე არიან და ე.წ. გასვლის დღე ძირითადად, პარასკევია. შაბათ-კვირას ისვენებენ. პარასკეობით თანამშრომლები სადმე მიდიან, ბოლომდე გამოთვრებიან და მერე, შეიძლება ვინმე ქუჩაში მივარდნილიც კი ნახოთ (იცინის). მთლად ისეთი მოწესრიგებული ერიც არ არის, როგორც შორიდან ჩანს. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის კრიტიკა ვიცით და სხვები იდეალურები გვგონია.
- ასაკოვანი ხალხი როგორ ცხოვრობს იაპონიაში?
GzaPress- აქ მოხუცებულთა ბევრი თავშესაფარია. გარკვეულ ასაკს რომ მიაღწევენ, პენსიაზე როცა გადიან, ოჯახი მოხუცებულებს თავშესაფარში ისტუმრებს. ჩვენ რომ ბებია-ბაბუებს ბოლომდე ვუვლით, ჩვენ გვერდით გვყავს და ვუფრთხილდებით, აქ ასე არაა, მათი სახლში ყოფნა სირცხვილად ითვლება, ე.ი. ფული არ გაქვს, რომ მოუარო და ცუდი თვალით შემოგხედავენ. არადა, ასე ცხოვრებას რა აზრი აქვს, მთელი დღე პალატაში წვანან და მხოლოდ საჭმელად გადიან... ჩემი მეუღლის ორივე ბებია თავშესაფარში იყო, სანახავად კი დავდიოდით, მაგრამ სად ის, რომ ოჯახში გყავს?
- თქვენი მეუღლე იაპონელია. როგორ გაიცანით?
- კიოტოში გავიცანი. ჩემი მეგობრის მეგობარი მეგონა და გამოველაპარაკე (იცინის). აპრილში ოთხი წელი ხდება, რაც ერთმანეთი გავიცანით. იმ დღის შემდეგ, ყოველდღე ერთად ვართ. გამიმართლა და კარგი ადამიანი შემხვდა, არადა, იაპონელი არც შეყვარებული მინდოდა და მით უმეტეს, არც ქმარი. ქალებს დიდად პატივს არ სცემენ. ეს ალბათ, ქალების ბრალიცაა. სწავლას რომ ამთავრებენ, მუშაობა არ უნდათ. ახლა ცოტა შეიცვალა ზოგის ხედვა და მუშაობას იწყებენ. ადრე, პირდაპირ თხოვდებოდნენ, ბავშვებს აჩენდნენ და სახლში ისხდნენ. უმეტესობა ახლაც ასეა. ძიძების ტრადიცია აქ არ არსებობს. შვილი თვითონ უნდა გაზარდო. სწავლის პერიოდში, იაპონელი კურსელები რომ მყავდნენ, ბიჭები, სადმე შესვლისას ჯერ თვითონ შევარდებოდნენ და კარს ცხვირწინ მოგიჯახუნებდნენ. საჭმელად როცა მიდიან, ძირითადად, ინაწილებენ თანხას, შეყვარებულებიც კი. თუ საზღვარგარეთ არიან ნამყოფები, უცხოური კულტურის ელემენტებს იძენენ. ასაკოვან ხალხს რომ ვაკვირდები, მამაკაცი წინ მიდის და ცოლი რამდენიმე ნაბიჯით უკან მიჰყვება - აქ ასეთი წესი ყოფილა ძველი დროიდან. ახალგაზრდები ამ ტრადიციებს არ იცავენ.