11-01-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და ოპოზიციისა და საზოგადოების დამოკიდებულებას ეხმაურება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილის აცხადებს, პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესია, რომ გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები.
“სხდომის დაწყებამდე მინდა, შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას - ეს არის ტერორიზმი - გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ის არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო.
ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი და დაგვეჭრა - ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს“-განაცხადა პრემიერმა.
გიროგი კვირიკაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და დასძინა, რომ სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
„სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს.
მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, თავიანთი დამოკიდებულებით, არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია.
ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფა“-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.