16-10-2023
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „კიბერუსაფრთხოების ბიუროს“ ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“ გაიმართა. 2023 წლის კონფერენციის მთავარ თემას „ნივთების ინტერნეტი (IoT) და სამხედრო სფერო“ წარმოადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა გახსნა და თავდაცვის სფეროში თანამედროვე მდგრადი კიბერუსაფრთხოების სისტემების მნიშვნელობასა და მათი გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო, როგორც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, კიბერუსაფრთხოების კუთხით დასავლელი პარტნიორების საუკეთესო პრაქტიკას იზიარებს. მან „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი“ რეგიონულ პლატფორმად განიხილა და ღონისძიების ორგანიზების საქმეში ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერის როლი ხაზგასმით აღნიშნა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კვალიფიციური ახალგაზრდების მოზიდვაზე, რომლებიც კიბერუსაფრთხოების სამხედრო ოფიცრებად ჩამოყალიბდებიან და კიბერსარდლობას დააკომპლექტებენ.
ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა.
კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების შემდეგ აქტუალურ საკითხებს: ხელოვნური ინტელექტი და სამხედრო სფერო, ღრუბლოვანი გამოთვლები თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, ნივთების ინტერნეტის გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაციფრულება, და კიბერსაფრთხეების ანალიზი და ინფორმაციის გაზიარება. საქართველო ფორუმს უკვე მეოთხე წელია მასპინძლობს. ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიზანს საქართველოსა პარტნიორ ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
16-11-2024
16-11-2024