17-10-2023
ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სამხარაძემ დაგმო „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე და სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელის სახელმწიფოს. მისი თქმით, შეიარაღებული დაპირისპირების არეალის გაფართოება საქართველოს უსაფრთხოებას დამატებით გამოწვევებს შეუქმნის, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.
„ჩვენ ყველანი შეძრწუნებული ვართ „ჰამასის“ მიერ ბარბაროსული და არაადამიანური თავდასხმით ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომელიც გასულ კვირას მოხდა და ამ ტერორისტულ აქტს იცით, რომ შეეწირა 1400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. ჩვენ კიდევ ერთხელ ცალსახად ვგმობთ ამ თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს და ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს, ვლოცულობთ დაღუპულთა სულებისთვის და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს.
რასაკვირველია, ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში და კონფლიქტის არეალის გაფართოება საქართველოს უსაფრთხოებას დამატებით გამოწვევებს შეუქმნის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი საზღვრების ჩრდილოეთით ისედაც მიმდინარეობს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენს უშუალო მეზობლებს, სომხეთს და აზერბაიჯანსაც ჯერ არ მიუღწევიათ სამშვიდობო შეთანხმებისთვის და დაპირისპირების პოტენციალი და კონფლიქტის ესკალაციის პოტენციალი იქაც ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ფხიზლად უნდა ვიყოთ და ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დღეს და თითქმის ბოლო ერთი წლის მანძილზე გვიწევს იმის მტკიცება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მშვიდობას საფრთხე შეუქმნას არის მიუღებელი და უბრალოდ დამანგრეველი საქართველოსთვის“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
16-11-2024
16-11-2024