19-10-2023
„ევროდეპუტატებს რაც შეეხება, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგი პრაქტიკულად უკვე დაცემულია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის საზოგადოებაში“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ნებისმიერი უცხოელი დიპლომატი და თანამდებობის პირი ვერ იქნება მართალი, როდესაც შეაქებს იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც პატივს არ სცემს კონსტიტუციას, რომლის გარანტიც თავად არის, შეურაცხყოფს სასამართლოს, პარლამენტს, მთავრობას და ხალხს.
„ევროდეპუტატებს რაც შეეხება, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგი პრაქტიკულად უკვე დაცემულია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის საზოგადოებაში.
განსაკუთრებით, მას მერე რაც კორუფციაში მხილებული ათეულობით ევროპარლამენტარი დააპატიმრეს, მრავალ ათეულზე საქმეა აღძრული და ა.შ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეალური გახდა ის, რაც „ხალხის ძალამ“ ვთქვით და ევროპარლამენტარები მოგვიწოდებდნენ - ეგ სისულელეა, თავის დაანებეთ ეგეთ რამეს და მიჰყევით იმ ინსტრუქციას, რასაც ჩვენ გეუბნებითო. იყო გადაჭარბაბებული „რეკომენდაციები“ მერე თქვეს, თავი დაანებეთ თქვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და რასაც ჩვენ და აშშ-ს ელჩი გეტყვით ის გააკეთო. ეს იყო რეალური.
ბუნებრივია, იმის მერე, რაც საქართველოს პრეზიდენტი გადავიდა ოპოზიციაში, ევროპარლამენტარები შეაქებენ ნებისმიერ უწყების ხელმძღვანელ პოლიტიკოსს, რომელიც გადავა საქართველოს სახელმწიფოს ოპოზიციაში. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პრეზიდენტი იქნება, პრემიერი, თუ პარლამენტარი. ვინც მათ ნარატივში ჩაჯდება, მყისიერად გახდება მოაზროვნე ადამიანი მათი გადმოსახედიდან.
ასე რომ, ეს მარტივად გასაშიფრი შეტყობინებებია ევროპარლამენტარებიდან - საქართველოს პრეზიდენტი, თავისი ასეთი საქციელით დაუპირისპირდა და აღიარებს კიდეც რომ დაუპირდაპირდა მთავრობას, პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს და საკუთარ ხალხს. პრაქტიკულად, ის გადავიდა საკუთარი სახელმწიფოს ოპოზიციაში - ეს არის რეალური. აქედან გამომდინარეობს, ზუსტად ის, რომ შენ თუ საქართველოს მეგობარი ხარ (ვინც არ უნდა იყოს უცხოელი), როგორ შეიძლება შენ პატივი სცე იმ პრეზიდენტს, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას არ სცემს პატივს (რომლის გარანტი თავად უნდა იყოს), საკუთარი საზოგადოების გაერთიანების ნაცვლად, რაც კონსტიტუციურად ევალება, ხლიჩავს შუაზე, შეურაცხყოფას აყენებს, კონსტიტუციურ ორგანოებს კნინობითი სახელით მოიხსენიებს, მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენს და შეურაცხყოფას აყენებს. როგორ შეიძლება ასეთი სახელმწიფოს პრეზიდენტი შეაქო, თუ შენ ამ ქვეყნის მეგობარი ხარ. იმ უმრავლესობას აგინებს და პატარა კაცებად მოიხსენებს, შეურაცხყოფს, რომელიც საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია. ანუ, ამით საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას შეურაცხყოფას აყენებს.
ბუნებრივია, რომ ნებისმიერი უცხოელი დიპლომატი და თანამდებობის პირი ვერ იქნება მართალი, როდესაც შეაქებს იმ ქვეყნის პრეზიდენტს რომელიც ასეთ რამეებს აკეთებს. ამიტომ, ამ ევროპარლამენტარების ასეთი განცხადება, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი გაწევრიანდა ამ გლობალური ომის პარტიაში. მაგრამ, ნუ ჰგონია მას, რომ იქ გარანტირებულ ლიდერად მიიღებენ იმიტომ, რომ აქ ადგილზე „ნაცმოძრაობაში“ ბევრი კონკურენტი ჰყავს, აგერ არის ბელადი სააკაშვილი, გვარამიას თავისი ამბიციების აქვს, მელიასაც, ფორმალური, თუ არა ხაბეიშვილიც იქ არის, ცალკე ვაშაძე გამოვარდება, ლიდერი ვარო, ანუ დიდი კონკურენციაა. ნუ ჰგონია მაინცდამაინც, რომ იქ მიიღებენ, თან გაცხადებულად ამბობენ, რომ ბოლომდე არ გვჯერა ზურაბიშვილისო“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.