19-10-2023
ყველა, ვინც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს ეწინააღმდეგება, მხარს უჭერს სიძულვილს, ტერორიზმს და უხამსობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები კანონში ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად შედის. პაპუაშვილი აცხადებს, რომ ყველა ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ევროკავშირში ინტეგრაციას ეწინააღმდეგება.
„უხამსობაც, სიძულვილის ენაც, ტერორიზმიც წერია უკვე მოქმედ კანონში. ერთადერთი, რაც ევროკომისიის ინსტრუქციის შესაბამისად იცვლება და ემატება არის ის, რომ თუკი აქამდე ამ საკითხების გასაჩივრება იკეტებოდა მაუწყებლობით, მაგალითად, თქვენს ტელევიზიაში თუ ვინმე გაასაჩივრებდა სიძულვილის ენას ან ტერორიზმისკენ მოწოდებას და არ დააკმაყოფილებდით ამ საჩივარს და ამით დაიხურებოდა საკითხი, ახლა, ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად, შემდეგი ინსტანცია იქნება მარეგულირებელი კომისია. ვინაიდან მისი გადაწყვეტილებები ყველა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, დაემატება ასევე სასამართლო ინსტანცია. ასე რომ, ეს არის ევროპული სტანდარტი. ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ასეთ ცვლილებებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას და მხარს უჭერს სიძულვილს, ტერორიზმს და უხამსობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.