გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე: ერთი მხრივ, გვინდა დასავლეთი, ევროპა და ამ დროს არ გვინდა ის ელემენტარული ცივილიზებული რეგულაციები და მიდგომები, რომლებიც ამ ქვეყნებში მუშაობს

20-10-2023

„შეიძლება იყოს ისეთი საკითხები, სადაც მოგვიწევს ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის დაცვა ისეთი ხელყოფისგან, რომელიც შეიძლება მიუღებელი იყოს ჩვენი სინამდვილისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და მათ შორის, ჩვენი ტრადიციებისა და სარწმუნოებისთვის,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

 

სუბარის თქმით, კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც დაარბიეს და დახურეს ტელეკომპანიები და ყველანაირად ზღუდავდნენ ადამიანის უფლებებს.

 

„ორი წუთი ვაპირებდი ადგილიდან გამოსვლას, მაგრამ აქ ისეთი რაღაცეები მოვისმინე, მოვხვდი, რომ ეს საკმარისი არ იქნება. აქ ითქვა შემდეგი - „მედიის მოხრჩობა“, „კანონი, რომელიც მედიის წინააღმდეგ არის მიმართული“, „სიტყვის თავისუფლება - ეს არის უკანასკნელი ბასტიონი, რომლის წინააღმდეგაც არის ეს კანონი მიმართული,“ და ამას ლაპარაკობს პარტია, რომელმაც მოაწყო იმედის დარბევა 7 ნოემბერს, შეიჭრნენ ტელეკომპანიაში, სცემეს უკლებლივ ყველა ჟურნალისტს, დარაჯს, იქ მყოფ ყველა პირს. ამას უწოდებენ შეცდომას, მაგრამ ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო უდიდესი დანაშაული, მაგრამ ეს ამით არ დასრულებულა.

 

ამის შემდეგ ტელეკომპანია წაართვეს მფლობელს და აჩუქეს სხვას. ეს არ იყო ერთჯერადი შემთხვევა. ამას წინ უძღოდა ტელეკომპანია „იბერიაში“ შეჭრა, ავტომატებით გადაცხრილეს ოფისი, სცემეს ჟურნალისტები. ამას მოყვა „25-ე არხის“ დახურვა ბათუმში, ასევე, ტელეკომპანია „კავკასიის“ დახურვა. მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი და მე რომ არ ჩავრეულიყავი, ეს ორი არხი შეიძლება ძალიან დიდხანს არ გახსნილიყო. ეს იყო დანაშაული და სიტყვის თავისუფლების დევნა.

 

მართლაც საოცარი უნარი გაქვთ თეთრზე შავის დარქმევის, სიკეთის ბოროტებად გასაღების. კიდევ ერთხელ მიწევს ელემენტარული ჭეშმარიტების გამეორება. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არ არის (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა) აბსოლუტური. მაგალითად, წამება არის აბსოლუტური - არასდროს, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანის წამება. ადამიანის ღირსება არის ხელშეუვალი - ამას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ დანარჩენი უფლებების და თავისუფლებების უმრავლესობა არ არის აბსოლუტური და შეიძლება გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. ასეთი არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

 

სად შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება? იქ, სადაც სხვა სიკეთეს ექმნება საფრთხე. ეს სხვა სიკეთე არის სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება, სადაც არ უნდა შევიჭრათ. ეს შეიძლება იყოს ცილისწამება, უხამსობისგან ადამიანის დაცვა და ა.შ. მათ შორის არის სიძულვილის ენაც და აქ არის საჭირო ზღვრების დაწესება.

 

ვამბობთ, რომ გვინდა დასავლეთი, ევროპა და ამ დროს არ გვინდა ის ელემენტარული ცივილიზებული რეგულაციები და მიდგომები, რომლებიც ამ ქვეყნებში მუშაობს და ეს არის სრულიად გაუგებარი. ამ შემთხვევაში ძალიან ელემენტარულ რეგულირებაზეა საუბარი. ამასთან, მართლა არაფერი ახალი არ შემოგვაქვს. კანონში რაც წერია, მაგალითად, უხამსობა, ეს არის განმარტებული, მაგრამ კანონი არ არის განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც უბრალოდ განმარტავს და შემდეგ ამას არ უნდა მოყვეს რეაგირება. რეაგირების ყველაზე მინიმალური დონე არის, როდესაც თვითრეგულირების ორგანო აკეთებს ამას, თორემ ამის მიღმა არსებობს სასამართლო, ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

 

მიმდინარე წლის გაზაფხულზე საფრანგეთში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული გამოსვლების დროს ერთმა ქალბატონმა, სახელად ვალერიამ გააკეთა განცხადება, რომელიც შეიძლებოდა მიბმულიყო აზრობრივად იმას, რომ სიტყვა ნაგავში იგულისხმა პრეზიდენტი მაკრონი, ანუ მაკრონს კი არ უწოდა პირდაპირ ეს სიტყვა, მაგრამ თქვა - რას გვიშვებიან ეს ნაგვებიო და ამ ნათქვამში შეიძლებოდა გეგულისხმა მაკრონი. ეს ქალბატონი დაიჭირეს და შეიძლებოდა დაკისრებოდა 12 ათასლარიანი ჯარიმა, ან ორწლიანი პატიმრობა.

 

ჩვენ არ გვაქვს ასეთი კანონმდებლობა, არც უნდა მივიღოთ და ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი რამისგან, მაგრამ გარკვეული ზღვრის გავლება სხვადასხვა სიკეთეებს შორის არის აუცილებელი და ამიტომაც, ეს კანონი არის მისაღები. ამასთან, მართლა მინიმალური რეგულირებაა ის, რასაც ჩვენ ვიღებთ. აქვე მინდა გამოვეხმაურო ბატონი სონღულაშვილის ნათქვამს, ამას ვიღებთ იმიტომ, რომ ამას ითხოვს ევროკავშირის დირექტივა და თუ მოგვთხოვენ საწინააღმდეგოს, საწინააღმდეგოსაც მივიღებთო. ბატონო დავით, ეს არ არის სწორი მიდგომა, რადგან ჩვენ ამ კანონს ვიღებთ იმიტომ და პირადად მე მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ ეს არის სწორი კანონი.

 

ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და არაფერი არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ითხოვს. თვითრეგულირება იქნება, რეგულირება, თუ სასამართლო, გადავწყვეტთ, შეიძლება ისეც მივიღოთ და ასეც, მაგრამ ზოგადად ასეთი მიდგომა ასეთ სერიოზულ საკითხებში არის აბსოლუტურად მიუღებელი. შეიძლება იყოს ისეთი საკითხები, სადაც მოგვიწევს ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის დაცვა ისეთი ხელყოფისგან, რომელიც შეიძლება მიუღებელი იყოს ჩვენი სინამდვილისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და მათ შორის, ჩვენი ტრადიციებისა და სარწმუნოებისთვის. სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა და მე მხარს ვუჭერ ამ კანონს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930