გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები შიდა ქართლში ცნობილია

24-10-2023

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები შიდა ქართლში გამოვლინდნენ. შვიდი გამარჯვებული პროექტიდან ოთხს გრანტს გადასცემს GITA, სამ სტარტაპს კი USAID -ის ძლიერი სოფლის პროგრამა დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებული პროექტებია:

  • Strive - ონლაინ „მარკეტფლეისი“, რომელიც კონკურენტუნარიანი მატჩების მოყვარულ ვიდეო-მოთამაშეებს ეხმარება თამაშის მენტორის პოვნასა და „გეიმფლეის“ გაუმჯობესებაში, ხოლო, მეორეს მხრივ, მენტორებს საკუთარი თამაშის უნარების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.
  • Dreamy - აპლიკაცია არის სიზმრების სოციალური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მისი სიზმრების ვიზუალიზაციის, ანალიზის, შენახვისა და მეგობრებთან გაზიარების. სიზმრების ფსიქოანალიზის შესაქმნელად პლატფორმა იყენებს AI-ს და წარმოქმნის ვიზუალიზაციას ფოტოების ან ნახატების გამოყენებით.
  • მასკოტოპია - პროექტი გთავაზობთ ხელოვნურ ინტელექტზე (შემდგომში AI) დაფუძნებული მასკოტების (ანიმაციური პერსონაჟების ფორმები,რომლებიც ღონისძიებებზე აცვიათ ანიმატორებს. მაგ: მიკი მაუსი, კუნინძა და ა.შ) საწარმოს შექმნას.
  • BAZI - მობილური, ამთვლელი სენსორებით აღჭურვილი აკუსტიკური (ატმოსფეროში ბგერითი ან დარტყმითი ტალღის გამავრცელებელი) სისტემის დამზადება, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, აგენერირებს სპეციფიკური დიაპაზონის, სიხშირისა და სიგრძის ტალღებს, რომლითაც ხორციელდება უკონტაქტო მანიპულაცია მცენარეების ვეგეტატიურ ორგანოებზე დამტვერვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველსაყოფად, ინფორმაციის საფუძველზე ასევე შესაძლებელია დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების რისკის შეფასება და შეტყობინება, სავარაუდო პროდუქტიულობის პროგნოზირება.
  • Kiddos - საბავშვო ნივთების C2C „რისეილ“ პლატფორმა, რომელიც ეხმარება მშობლებს გაყიდონ მცირეწლოვანი შვილების გამოუყენებელი ნივთები სახლიდან გაუსვლელად.
  • დიჯიტალ ბაზარი - ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს მათი პროდუქციის ონლაინ გაყიდვაში.
  • ინტერაქციული STEAM წიგნი - სტარტაპის იდეას წარმოადგენს, გამომცემლობის ჩამოყალიბების გზით, საგანმანათლებლო ტიპის ინტერაქციული STEAM წიგნების სერიის გამოშვება, რომლებიც განკუთვნილი იქნება 10 წელზე ზემოთ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის და ორიენტირებული იქნება სხვადასხვა სამეცნიერო კონცეფციის სწავლებაზე, როგორიცაა ელექტროენერგია, ბუნება, მწვანე ენერგია და ენერგიის ალტერნატიული წყაროები, რობოტიკა, პროგრამირება და სხვა.

სააგენტოს ცნობით, რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.


„USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი რესურსები პროექტების განხორციელებისთვის.


USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სამი სხვადასხვა მიმართულებით. ეს მიმართულებებია:

1) პრე-აქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.

2) ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში, 3) რეგიონალური საგრანტო პროგრამების კომპონენტი. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს და ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნან იდეიდან პროდუქტი, განახორციელონ სტარტაპ პროექტები, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემების მოსახლეობას მიეცემა საშუალება, შეისწავლოს ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროების


მოძიების მეთოდები და შექმნას დინამიური ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.


საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 4 სექტემბრიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.


გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე „,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930