25-10-2023
ქართულ პოლიტიკაში შექმნილი ვითარება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა რაგბიში გავრცელებულ თამაშის წესს შეადარა და ამ წესით თამაშისას პოლიტიკურ ოპონენტებს წაგება უწინასწარმეტყველა.
„რაგბიში არის საინტერესო თამაშის წესი, ძალზე მიესადაგება ქართულ პოლიტიკას. მას ჰქვია „დამახსოვრებული ჯარიმა", როდესაც მსაჯმა დაგაჯარიმა, მაგრამ, თუ ბურთი შენს მოწინააღმდეგეს აქვს, თამაში არ წყდება და მას მისი გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა, თქვენს ჩათვლის მოედანზე ლელოს დადების ჩათვლით. თუმცა, თუ მოწინააღმდეგე ვერ ახორციელებს ამ უპირატესობის რეალიზებას, „ჯარიმის დამახსოვრება" უსასრულო არაა და დროთა განმავლობაში, თუ ამ მდგომარეობის პერიოდი ამოიწურა და ბურთი უკვე თქვენს ხელში მოხვდა, თამაში უკვე თქვენს სასარგებლოდ გრძელდება, ამჯერად მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში ლელოს დადების ჩათვლით.
ზუსტად ასეთი წამოცდენა ჰქონდა ჩერგოლეიშვილ/ბოკერიას ტანდემს, რომელმაც თავისი ყოფილი კოლეგები უტვინობაში დაადანაშაულა. მათ ვერ ისარგებლეს „ჯარიმის დამახსოვრების" რეჟიმით და ვერ გამოიყენეს „ევროკავშირის მიერ ინსპირირებული კრიზისი". ევროკავშირის მიერ დაწესებული „ჯარიმის დამახსოვრების" დრო ისე გავიდა, რომ ნაცებმა ამ უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს, ბურთი გადმოვიდა ჩვენს მხარეზე და გამარჯვების „ლელოს" დადება მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანზე მხოლოდ დროის ამბავია.
„ოქროს მოწმეთა" ჩვენების ტოლფასია მსგავსი წამოცდენები, ფაქტიურად საბრალდებო აღიარებაა აგენტოკრატებისა და მათი ადგილობრივი მარიონეტების დანაშაულებრივი ალიანსის წინააღმდეგ. მანამდე გავიგეთ, რა დონის ჯალათები იყვნენ, რა მანიპულაციებით ატარებდნენ არჩევნებს, რა ანტისახელმწიფოებრივ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ ევროინტეგრაციის პლატფორმაზე. დღეს ამ და სხვა ხელოვნური კრიზისების კატალიზატორად ევროკავშირი დასახელდა. ხვალ რა ახალი აღიარება გველოდება, საკითხავი ეგ არის,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024