გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ხიდურელი: ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მალე საქართველოში ოპერირებას კიდევ ერთი მსხვილი კომპანია დაიწყებს

25-10-2023

პოტენციურ ინვესტორებს ვთავაზობთ ფართო შესაძლებლობებს და ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა შეღავათიანი საგადასახადო სისტემა, ბიზნესის სიმარტივე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და რაც ყველაზე მთავარია სტაბილურ გარემოს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა თბილისში მიმდინარე ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების (BPO) ინდუსტრიის სამიტის ფარგლებში განაცხადა.


სამიტი, რომელსაც BPO ინდუსტრიის წარმომადგენელი 15-მდე საერთაშორისო კომპანია ესწრება, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით იმართება.


მიხეილ ხიდურელის თქმით, დღეს BPO სექტორი არის ინდუსტრია, სადაც მაღალი ხელფასები და ზრდის დიდი პოტენციალია. მისივე განმარტებით, ამის საუკეთესო მაგალითია ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „მეიჯორელი" და „კონსენტრიქსი".


„დღეს შეხვედრა გვქონდა კიდევ 15-მდე საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, შევძელით და საქართველოში ჩამოვიყვანეთ. მსგავსი მაღალი დონის, მსხვილ კომპანიებთან, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები და მათი დათანხმება კონკრეტულ ქვეყანაში ჩასვლაზე საკმაოდ რთული, გრძელვადიანი პროცესი. ჩვენი სააგენტოს ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მალე BPO სექტორში მსოფლიოს ტოპ-5 კომპანიიდან ერთ-ერთი კომპანია დაიწყებს საქართველოში ოპერირებას, რაც დიდი მიღწევა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის სექტორი, რომელიც პირველ რიგში ეძებს ქვეყანაში უცხო ენების შესაძლებლობებს და ნიჭიერ თანამშრომლებს, საბედნიეროდ, საქართველოს გააჩნია ამის შესაძლებლობა არა მარტო დედაქალაქში, არამედ სხვა ქალაქებში. ამის საუკეთესო მაგალითია კომპანია „მეიჯორელი", რომელიც უკვე წარმოდგენილია ქუთაისსა და ბათუმში და რამდენიმე ათას ადამიანს ასაქმებს. როდესაც ვსაუბრობთ დასაქმებაზე, ეს სექტორი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია დასაქმებაში, რადგან თითო კომპანია, რომელმაც დაიწყო 100 ადამიანით, დღეს 5 ათას ადამიანამდე ასაქმებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.


BPO ინდუსტრიის სამიტში აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, კოლუმბიიდან და შვეიცარიიდან 15-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა PodcastAI-ი, GGA Solutions-ი, Nearshore America, Ventures Consulting და სხვა.


სამიტის ფარგლებში სტუმრები შეხვედრებს მართავენ როგორც კერძო სექტორის, ასევე საჯაროს სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.


ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება და ემსახურება საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების პოპულარიზაციას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930