26-10-2023
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე „აბრეშუმის გზის ფორუმზე" USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორმა, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაკკმა ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობასა და ვაჭრობას, რომელიც კეთილდღეობასა და წარმატებაზეა ორიენტირებული. ერინ ელიზაბეთ მაკკმა ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის" ერთ-ერთ პანელზე - „ვაჭრობა მომავლისთვის" ისაუბრა.
USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორმა „შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „შუა დერეფანი ამ ქვეყნებს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ წვლილი შეიტანონ და თვითონაც მიიღონ სარგებელი ძლიერი სავაჭრო ურთიერთობებისგან. ტრანზიტი, ლოგისტიკა, უფრო მეტი ეფექტურობა, წარმოება, ასევე მოვისმინეთ საინფორმაციო ტექნოლოგიები - ყველა ამ მიმართულებით შუა დერეფანზე ჰაბი იქმნება. რა თქმა უნდა, ეს ქმნის უფრო დიდ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშუალოდ დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის, ამასთანავე, რეგიონის სტაბილურობას ხელს უწყობს,"- განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკმა. მისი თქმით, ეკონომიკის წარმატების წინაპირობა სწორედ მშვიდობაა.
„ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დიდ როლს ასრულებს. რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას შუა დერეფანში, იმიტომ რომ ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას ევროკავშირთან. ჩემი ბევრი კოლეგა ამერიკიდან აცხადებს, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, ერთი საზღვაო ფანჯარა შექმნას, რომელიც მისი, როგორც რეგიონული ქვეყნის როლს, უფრო მეტად გამოკვეთს", - განმარტა USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორმა.