27-10-2023
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა დამატებებს 2022 წლის 25 ნოემრის შეთანხმებაში, რომელიც 2022 – 2027 წლებში შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკას შეეხება.
აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრა ახალი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის განვითარების და ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სეტჟან აბლალიევმა.
„დღეს არსებულ საგზაო რუკას დაემატა აქტივობები, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს შუა დერეფნის განვითარებას, ინფრასტრუქტურული კომპონენტის გაძლიერებას და გამტარუნარიანობის გაზრდას, ასევე ამაღლდება უსაფრთხოება, რაც დადებითად აისახება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნების და შუა დერეფნის პოზიციონირებაზე გლობალურ ვაჭრობასა და სატრანსპორტო გადაზიდვებში," – განაცხადა გურამ გურამიშვილმა ხელმოწერის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ „საგზაო რუკას" 2022 – 2027 წლებისთვის 2022 წლის 25 ნოემბერს ხელი მოეწერა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრაზე, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით გაიმართა.