გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი მასწავლებლებს: მშობლები,მოქალაქეები ჩვენთვის საუკეთესოს-ჩვენს შვილებს განდობთ,ამიტომ თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს

27-10-2023

მშობლები, მოქალაქეები ჩვენთვის საუკეთესოს- ჩვენს შვილებს განდობთ, ამიტომ თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი გადაწყვეტილებით მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც 1 000 -მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას გულისხმობს და რომელშიც ერთი მლრდ ლარი დაიხარჯება.


„იცით, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ, ზოგადად განათლების სისტემაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ, მშობლები, ჩვენი მოქალაქეები განდობთ ჩვენთვის საუკეთესოს, ჩვენს შვილებს, ამიტომ თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს. მე მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ წინა წელს ჩემი გადაწყვეტილებით დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს 1 000 -მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას, რომელშიც ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება.


ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, დაახლოებით 400 სკოლა უკვე არის შერჩეული და მიმდინარეობს ამ 400 სკოლაში სამუშაოები. ასევე 1000 საბავშვო ბაღის რემონტი, რეაბილიტაცია არის დაწყებული.


ამ პროექტშიც ასევე 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ზოგადად განათლების ხარისხის მნიშვნელობის გაზრდა. ასევე, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე თუ სხვა, უფრო ეფექტური სისტემის შემუშავებაზე. მე მქონდა საუბარი, არაერთი განხილვა მქონდა განათლების მინისტრთან და ვიცი, რომ იგი ინტენსიურ შეხვედრებს მართავს მასწავლებლებთან, ისმენს თქვენს რეკომენდაციებს, ხედვებს, რჩევებს. მერწმუნეთ, რომ ჩვენ ამ თქვენს ხედვას აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტური სისტემა შევიმუშაოთ ერთად, სამინისტროსთან, მინისტრთან ერთად.


ასევე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ვპირდებით კვლავაც გვერდში დგომას. იცოდეთ, რომ მთავრობა, პირადად მე, მინისტრი, ყველანი მზად ვართ, რომ მოგისმინოთ, მივიღოთ თქვენი რჩევები, რეკომენდაციები და შესაბამისად მოვაწყოთ, გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო დღევანდელ დღეს! ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მასწავლებლის სტატუსი და პროფესია კიდევ უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამ მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები, ვფიქრობ კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! მე გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ოჯახებს სიძლიერეს და კეთილდღეობას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930