28-10-2023
მეზობელი ქვეყნებისთვის, თუნდაც დაპირისპირებული მხარეებისთვის, საქართველოა ის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ და თანხმდებიან მშვიდობის აუცილებლობაზე. მნიშვნელოვან რეგიონულ აქტორად ჩამოყალიბება კი, თავის მხრივ, ზრდის საქართველოს მიმართ დაინტერესებას სხვა დიდი სახელმწიფოების მხრიდანაც, რადგან ისინი უყურებენ საქართველოს, როგორც სუვერენულ, სტაბილურ და სანდო ქვეყანას, - ამის შესახებ ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ვატო შაქარაშვილი აღნიშნავს, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი და შინაარსობრივად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა არის აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა თბილისში, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით და აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ფუნქციასა და მისწრაფებებს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
„საქართველო − მედიატორი რეგიონში მშვიდობისათვის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“
თბილისში, 26-27 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმი„ ჩატარდა.
წლევანდელი, რიგით მეოთხე ფორუმი მრავალმხრივ შთამბეჭდავი გამოდგა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი და შინაარსობრივად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა თბილისში, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ფუნქციასა და მისწრაფებებს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
საქართველოა ის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ და თანხმდებიან მშვიდობის აუცილებლობაზე.
ჩვენი ქვეყნის და პერსონალურად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უაღრესად პოზიტიურ როლს ხაზი გაუსვა ორივე ქვეყნის ლიდერმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით, კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის მოლაპარაკებები იმართება.
2020 წელს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილის მედიაციით იქნა მიღწეული.
აღსანიშნავია, რომ თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოხდა ნიკოლ ფაშინიანის მიერ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის წარდგენა.
სწორედ ასეთი ფუნქციის შეძენით არის შესაძლებელი საქართველოს განვითარებისა და გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფა და არა რომელიმე კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ცალ ფეხზე დგომით.
ბოლო წლებში, ჩვენი ქვეყნის მიერ გატარებული შიდა თუ საგარეო პოლიტიკა გახდა იმის საფუძველი, რომ საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს მნიშვნელობა რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში. მეზობელი ქვეყნებისთვის, თუნდაც დაპირისპირებული მხარეებისთვის, საქართველოა ის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ და თანხმდებიან მშვიდობის აუცილებლობაზე. მნიშვნელოვან რეგიონულ აქტორად ჩამოყალიბება კი, თავის მხრივ, ზრდის საქართველოს მიმართ დაინტერესებას სხვა დიდი სახელმწიფოების მხრიდანაც, რადგან ისინი უყურებენ საქართველოს, როგორც სუვერენულ, სტაბილურ და სანდო ქვეყანას.
საერთო ჯამში, ამ ყველაფერს მოაქვს ინვესტიციები, ახალი პროექტები (მათ შორის − საერთაშორისო), დამატებითი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპი და ყველაზე დიდი − ქვეყნის გაერთიანების მიზანთან მიახლოების შანსი“ - წერს ვატო შაქარაშვილი facebook-ზე.