2-11-2023
„ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით თუ იქნება მსჯელობა გენდერულ საბჭოში, მაშინ ჯერ ის საკითხები უნდა განვიხილოთ, რომელიც მანამდე მოხდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ორმაგ სტანდარტებს იყენებს და მათ მიერ გაჟღერებულ შეურაცხყოფებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
„წინა საკითხებში ვგულისხმობ, პირველ რიგში, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ განხორციელებულ გაუგონარ უხამსობებსა და უზრდელობებს, რომელზეც არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა; იგივე, როცა პრეზიდენტი გამოვიდა და სულისშემძვრელი განცხადება გააკეთა თეონა აქუბარდიას დაცვის მიზნით, თეა წულუკიანი არ იყო ქალი და პოლიტიკოსი?
მაშინ რატომ არ გამოვიდა და არ დაიცვა ქალი პოლიტიკოსის უფლებები?
ასევე, უნდა განვიხილოთ ის უხამსი სიტყვები, რითაც ანი წითლიძე მიმართავდა კამერების წინ ბატონ ვიქტორ ჯაფარიძეს; ასევე, გავიხსენოთ სალომე სამადაშვილის შეურაცხმყოფელი ქმედება, ერთ-ერთ კომიტეტზე, განხილვის დროს; ასევე, გავიხსენოთ ხათუნა სამნიძისა და აქუბარდიას უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, არა მარტო ქალი პოლიტიკოსების მიმართ, არამედ - მთელი ოპოზიციის მიმართ.
მაშინ, ჯერ ესენი განვიხილოთ და ამ ყველაფერს რომ შევაფასებთ, მერე, კი ბატონო, ირაკლი ბერაიას საქციელიც განვიხილოთ. თუ მანამდე სხვა საქციელებსა და ოპოზიციონერების მხრიდან გაჟღერებულ შეურაცხყოფებს არ განვიხილავთ, მაშინ, ირაკლი ბერაიაზე რატომ უნდა გვქონდეს რეაგირება? თან, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბატონმა ირაკლიმ ბოდიში მოიხადა ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ კი არც ერთი ქალი პოლიტიკოსის მხრიდან ბოდიში არ გაგვიგონია“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.