2-11-2023
სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა მისი სისტემის ყველა მსხვერპლის დაცინვა. იმედია, სალომე ზურაბიშვილი ამ მძიმე ნაბიჯს არ გადადგამს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, რთულია პროგნოზირება, როგორ მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი.
„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის წინაშე არათუ პირობები დაარღვია, არამედ კონსტიტუცია. ამიტომ რთულია პროგნოზირება, როგორ მოიქცევა, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის, მართლმსაჯულების ინტერესს. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა დაცინვა არა მხოლოდ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლებისა, რასთან დაკავშირებულ დანაშაულებზეც უკვე მსჯავრდებულია, არამედ მისი სისტემის ყველა მსხვერპლის. სალომე ზურაბიშვილს თუ სურს, ქართველი ხალხის წინაშე კონსტიტუციის დარღვევას დაუმატოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა დაცინვა, მაშინ შეუძლია, შეიწყალოს. იმედია, ამ მძიმე ნაბიჯს არ გადადგამს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.