8-09-2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, ღამის საათებში, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.თ. თანხის მისაკუთრების მიზნით ქ.თბილისში თავს დაესხა ტაქსის მძღოლს გ.ო.-ს, დანა დაადო გულმკერდის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გასტაცა გამომუშავებული ფულადი თანხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.თ. 2017 წლის 23 სექტებერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.