10-11-2023
„მადლობა ევროკომისიას დეზინფორმაციის შეზღუდვასთან დაკავშირებული რეკომენდაციისთვის, რადგან „ხალხის ძალის“ წევრებს არაერთხელ გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ქართული პოლიტიკა დეზინფორმაციამ წალეკა და საჭირო იყო ამის ჩარჩოში მოქცევა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დეზინფორმაცია ანადგურებს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრს ქვეყანაში, ამიტომ მასთან ბრძოლა აუცილებელია.
„დეზინფორმაცია შემოედინება რუსეთიდანაც და დასავლეთიდანაც - ჩვენ ამაზე საუბარი არ მოგვრიდებია. დეზინფორმაცია შემოვა ყველა მხრიდან - აღმოსავლეთი იქნება თუ სამხრეთი, იმისგან, ვისი პოლიტიკური ინტერესიც იქნება ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ქართული პოლიტიკა რომ არ იყოს გაჯერებული დეზინფორმაციით და ყველა მხრიდან დაცული ვიყოთ, ამ კონკრეტულ საკითხზე უნდა ჩამოყალიბდეს კანონპროექტი თუ სხვა ინიციატივა, რომლითაც საზოგადოება დეზინფორმაციისგან იქნება დაცული. დეზინფორმაცია ანადგურებს თვითონ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრს ქვეყანაში“, - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.
ანალიტიკოსმა ისაუბრა საერთაშორისო სანქციებზეც, რომელიც რუსეთს დაუწესდა, თუმცა, ქვეყნების უმრავლესობა მას აშკარად არღვევს.
„რაც შეეხება სანქციების საკითხს - რომელ სანქციებს უნდა შევუერთდეთ - ევროპა რომ დღითი დღე ხსნის ჩუმად და მალე, ალბათ, სააშკარაოზე რომ გამოიტანენ? იცით, რომ ყოველდღიური მოლაპარაკება მიდის იმაზე, თუ რომელი სანქციების ჩახსნაა შესაძლებელი ევროკავშირსა და რუსეთს შორის? რუსეთი რომ ჩვენი ოკუპანტია და ჩვენსავით არავინ არ არის მათზე გაღიზიანებული და გაბრაზებული, ალბათ, ყველასთვის ცხადია, მაგრამ, ფაქტი სახეზეა, რომ თვითონ უკრაინის ომი კი არ არის ჩიხში შესული, არამედ - მთლიანად, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა, რომელსაც უკრაინის ომი მოჰყვა. ასევე, „ჰამასის“ შეტევაც ისრაელზე ამ ჩიხს უკავშირდება. პოლიტიკას ამ ჩიხიდან უნდა გამოსვლა“, - განმარტა თამარ ჩიბურდანიძემ.
„ხალხის ძალის“ წევრის განცხადებით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო მაგალითი, საფრანგეთში, მშვიდობის თემასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც ხაზი გაესვა, რომ საქართველომ ურთულეს პერიოდში მშვიდობის შენარჩუნება შეძლო.
„საქართველოს აქვს ისტორიული მისია, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ - გლობალური ისტორიული მისია და არა მხოლოდ გეოპოლიტიკური კარიბჭის, როგორც ეკონომიკური კარიბჭის როლი, არამედ - პოლიტიკური კარიბჭის როლი. საფრანგეთში ჩვენი პრემიერიც იმ შეხვედრაზეა, რომელიც მშვიდობის თემას ეხება. იქ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა, რომელმაც ამ ურთულეს პერიოდში მშვიდობის შენარჩუნება შეძლო. ამ დროს კი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ისევ გამოდის და საქართველოზე შეტევას აგრძელებს...“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.