11-11-2023
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ტურიზმიდან მიმდინარე წლის სამ კვარტალში მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პოზიტიური დინამიკა, რომელიც 2023 წელს ფიქსირდება ტურიზმის ინდუსტრიაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა რეკორდული რაოდენობა - 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
„თუ ცალკე ავიღებთ წლევანდელ მესამე კვარტალს, აქაც თითქმის მილიარდ ნახევარია შემოსავალი, რაც გასულ წელს 5% ით აღემატება, ხოლო გასული წელი, გვახსოვს, რომ რეკორდული იყო. ჯამში, წინა წელთან შედარებით, გვაქვს 29%-იანი ზრდა და ეს არის დამაიმედებელი მაჩვენებელი" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, არის საიმედო მოლოდინი, რომ 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება და კარგი პირობები იქნება 2024 წლისთვისაც.
„თუმცა, გვესმის, რომ გარკვეულ სეგმენტებში გვქონდა შემცირებაც ან თანაბრად არ ნაწილდებოდა ტურისტული სექტორი, მაგრამ ზუსტად ეს არის გამოცდილება, რომელზეც უფრო მეტი სამუშაო გვაქვს კერძო სექტორთან ერთად. იცით, რომ ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად, პირადად გავეცანი ამ პროცესს რამდენიმე კურორტზე და ვფიქრობ, 2023 წლის ზამთრის სეზონს უნდა შევხვდეთ ორგანიზებულად, რადგან ტურიზმის ინდუსტრიაში ზამთრის კურორტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაღალშემოსავლიანი მიმართულებაა" - აღნიშნა მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024