გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნება“ მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

9-09-2018

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.


ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.


„დღეს გამართულ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების“ მონაწილეობის საკითხი განვიხილეთ. „ქართული ოცნება“ იცავს პირობას და საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატს არ წარადგენს. ამ გადაწყვეტილების მიზეზებია: საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება თავს პარლამენტსა და მთავრობაში იყრის, ხოლო პრეზიდენტი ძირითადად აღჭურვილია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებებით. ამ სისტემაში პრეზიდენტი ზეპარტიული და მიუკერძოებელი უნდა იყოს და არ უნდა წარმოადგენდეს არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის ინტერესებ. ის უნდა იყოს ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირების ახალი, ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელი ტრადიცია უნდა დამკვიდრდეს, რასაც ჩვენს მიერ პარტიული კანდიდატის დასახელება უდავოდ ხელს შეუშლიდა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდში არაერთი ღირსეული ლიდერი გვყავს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება შეეძლო, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაქსიმალური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის თანამდებობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დავუთმოთ.


როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ამოიწურა საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელების ვადა, რამაც მოგვცა საშუალება არჩევანი გაგვეკეთებინა წარდგენილ კანდიდატებს შორის.


პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი. აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა, რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში კი ის თავგამოდებით იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ის იყო აგრეთვე პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.


სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.


ვფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში, მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებთ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930