15-11-2023
ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა სრულად აგვენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი და ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაზრდილიყო - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.
როგორც მან განაცხადა, შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების დონით, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ქვეყანა წლიდან წლამდე ამცირებს ევროკავშირის საშუალო დონესთან ჩამორჩენას.
„2024 წელს, ჩვენი შემოსავლები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41%-ს შეადგენს, ხოლო 2027 წლისათვის 45 პროცენტამდე იზრდება. თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს ევროკავშირში ბოლო გაწევრიანებული ქვეყნების მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებს, მათ შორის, ბულგარეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს, გაწევრიანების მომენტში, დაახლოებით, მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდათ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა მაკრო-ფისკალური ინდიკატორების შედარებაზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებთან.
„თუ შევხედავთ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ვნახავთ, რომ საქართველოს არამარტო მათ საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი პოზიცია აქვს, არამედ მთელი რიგი მიმართულებებით მოწინავე პოზიციაზეა. ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველო პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით - საქართველო მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით - საქართველო მე-10 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 26 ქვეყანას, ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის მიხედვით - საქართველო მე-16 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 20 ქვეყანას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
16-11-2024
16-11-2024