22-11-2023
“მე გამაჩნია და მზად ვარ, სასამართლოს და პროკურატურას გადავცე მასალები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას ადასტურებს”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“აუცილებლად უნდა გაირკვეს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ შეთქმულება, მისი ლიკვიდაციის და ტერორისტული აქტის განხორციელების მიზნით. მე გამაჩნია და მზად ვარ, სასამართლოს და პროკურატურას გადავცე მასალები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას ადასტურებს.
ბრალი უნდა დაუმძიმდეს აუცილებლად. 3 სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა შეუკვეთა.
ინგა გრიგოლიას გადაცემა”რეაქციაში” თავდაცვის და შს ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა პატარკაციშვილის მკვლელობა, ტერორისტული აქტი შეუკვეთა. თქვა, რომ ის მანქანაში უნდა აეფეთქებინათ. ის, რომ პატარკაციშვილის წინააღმდეგ ტერაქტის განხორციელების მცდელობა იყო, თავის ჩვენებაში ყოფილმა ,,კანონიერმა ქურდმა,, მამარდაშვილმა დაადასტურა, რომლის ჩანაწერი მე გამაჩნია და ფილმ ” დემოკრატიის შუქურაში” არის წარმოდგენილი. არის მისი საუბრის ჩანაწერი “მასტერასთან”, ცნობილ კრიმინალთან, ის პირდაპირ ეუბნება მამარდაშვილს, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს, რადგან რეჟიმისთვის საშიშროებას წარმოადგენს. გარდა ამისა, ტერაქტის განხორციელების მცდელობა ჩეჩნეთის საველე მეთაურმა დაადასტურა, რომელმაც თავის ჩვენებაში პირდაპირ თქვა, რომ მე შემიკვეთეს პატარკაციშვილის მკვლელობა, ეს უნდა მომხდარიყო ისე, რომ რუსეთს დაბრალებოდაო. ამის მასალები არსებობს. მე ამ ჩვენების ჩანაწერი გამაჩნია”, – განაცხადა ხაინდრავამ.