27-11-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ჰასან ჰასანლისთან და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ელჩინ ბაბაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის აკადემიურ წრეებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ზოგადი განათლების მიმართულებით არსებული პარტნიორობის გაძლიერება მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესების კუთხით.
აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის დელეგაციის სხვა წევრები.