28-11-2023
"დღეს იმ ევროკავშირის ელჩმა, სადაც გვიღებენ, აქო და ადიდა სწორედ ეს ხელისუფლება რეფორმების გატარების კუთხით," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღეს გიორგი ვაშაძემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ახალი ალგორითმი შემოგვთავაზა - თითქოს სტატუსს გვაძლევენ არა ხელისუფლების შრომის შედეგად, არამედ - ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც ჩიბურდანიძის თქმით, არის ალგორითმი ოროსნებისთვის.
"ვერ იქნა და ეს ოპოზიცია ვერ გაიზარდა პოლიტიკურად. როგორ სურთ, რომ რაღაც ორიგინალური თქვან, მაგრამ, რამდენჯერაც ამას ცდილობენ, იმდენჯერ კიდევ უფრო კომიკურ სიტუაციაში ვარდებიან. დღეს გიორგი ვაშაძემ ახალი პოლიტიკური ალგორითმი შემოგვთავაზა, მაგრამ, ისევ ოროსნებისთვის. რაც მთავარია "მიაგნო" სტატუსის მონიჭების გასაღებს და ბრძნულად მოგვახსენა, რომ თურმე სტატუსს არა ხელისუფლების შრომის შედეგად გვაძლევენ, არამედ, პირიქით, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.
ასეთი უაზრობა თვით ხაბეიშვილსაც კი არ უთქვამს. ახალ ალგორითმში საინტერესო იყო ევროკავშირში გაწევრიანების ვაშაძისეული მოდელი - 9 პუნქტის შესრულება "ქართული ოცნების" გარეშე, არადა, დღეს იმ ევროკავშირის ელჩმა, სადაც გვიღებენ, აქო და ადიდა სწორედ ეს ხელისუფლება რეფორმების გატარების კუთხით. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გიორგი ვაშაძეს ნამდვილად ეტყობა ხაბეიშვილის გავლენა. ქართული ანდაზაც ხომ ამას გვეუბნება, "ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო" - წერს ჩიბურდანიძე.