გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ბატონმა ვაშაძემ ბრძანა, ჯარისკაცი, ექიმი და მასწავლებლის დაფინანსება იქნება ჩვენი პრიორიტეტიო - ადამიანს სინდისი უნდა გეყოს, როცა ისრაელის პრემიერის ციტირებას ახდენ, ეს მაინც არ გაასაღო საკუთარ იდეებად

29-11-2023

"ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისი მმართველობის დროს განათლების სფეროში არსებული პრობლემები შეახსენა.


პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენისას სუბარმა აღნიშნა, რომ რადიკალების ბრალდებები პასუხგაუცემელი ვერ დარჩება.


„ძალიან ბევრი რამ არის სალაპარაკო, მაგრამ აქ მარცხენა ფლანგიდან რომ გაიპარებიან [ოპოზიციის წარმომადგენლები] და ისეთ რაღაცებს იტყვიან ხოლმე, იძულებული ხარ პასუხი გასცე. ამბობენ, თქვენი პრიორიტეტი განათლება არ არისო, ლაპარაკობენ უფასო კვებაზე და ა.შ. კარგად გვახსოვს ამათი პრიორიტეტები - საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანა იყო ფასიანი, კვებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.


ჩვენ გავხადეთ კვება უფასო და ახლა იმაზეა საუბარი, როგორი უნდა გავხადოთ კვების ხარისხი; საბავშვო ბაღები დახურეს და შიგ ნაციონალური მოძრაობის ოფისები გახსნეს და დღემდე ოფისებია. დღეს რომ დავათვალიეროთ როგორი ბაღები შენდება თბილისსა და რეგიონებში, ვნახავთ, რომ აბსოლუტურად სხვა კლასი და სხვა დონეა; კარგად გვახსოვს, რომ პროფესორ-მასწავლებლების დაახლოებით 70% გაყარეს უნივერსიტეტებიდან და ჩარეცხილები დაარქვეს. აი ეს არის თქვენი პრიორიტეტი და განათლებისადმი ყურადღების მიქცევის მაჩვენებელი,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მანვე სკოლებში განხორციელებულ რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხელისუფლებაში მოსვლისას "ქართულ ოცნებას" უწევდა ელემენტარული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის სკოლებში სველი წერტილების მოწყობა.


„ყველა სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობებია დაგეგმილი. სხვათა შორის, როცა მოვედით ხელისუფლებაში, პირველი მიზანი იყო, ყველა სკოლაში სველი წერტილი ყოფილიყო გამართული და იქ შესვლა შესაძლებელი, იმიტომ, რომ არც თბილისში და არც რეგიონში სველი წერტილი არ იყო სკოლაში, სადაც ბავშვი შევიდოდა. ეს იყო სამარცხვინო რამ და ერთ-ერთი პირველი რაც გაკეთდა, ელემენტარულ დონეზე ეს მოგვარდა. 33 სკოლა გარემონტდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და ყველა ეს სკოლა შეკეთდა და მათი რეაბილიტაცია მოხდა ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით. 100-ზე მეტი სკოლის აღჭურვა მოხდა „ირმის ნახტომის“ პროგრამით.


მოხდა მათი განახლება მერხებით, კომპიუტერებით და ეს იყო ჩვენი ზრუნვა. თქვენ კი, არაფერი გაგიკეთებიათ და აქ ჩანდა რა იყო თქვენი პრიორიტეტი განათლებასთან დაკავშირებით და რომ ბრძანა ბატონმა ვაშაძემ, ჯარისკაცი, ექიმი და მასწავლებლის დაფინანსება იქნება ჩვენი პრიორიტეტიო, ადამიანს სინდისი უნდა გეყოს, როცა ისრაელის პრემიერის ციტირებას ახდენ, ის მაინც არ გაასაღო საკუთარ იდეებად და არ თქვა, რომ აი, რა იდეები მომდის თავშიო. ამაშიც ჩანს თქვენი მორალური სახე, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930