3-12-2023
“ვინაიდან კლიჩკოს თუ არესტოვიჩის შეფასებებით - პუტინის რუსეთი არანაკლებად (თუ არა მეტად) იმსახურებს იმავე სტატუსს, რაც უკრაინას მიანიჭეს. მაგრამ, თუ ასეა - მაშინ ამ "კამპანიაში" საქართველოს არაფერი ესაქმება. ან, როგორც მინიმუმ - უკრაინას უნდა ჩამოერთვას მისთვის დაუმსახურებლად მინიჭებული "ჯილდო," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, ვიტალი კლიჩკოს ბოლო განცხადება, სადაც ის უკრაინის ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილებაზე საუბრობს, უნდა განვიხილოთ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების პრიზმაში, სადაც მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უკრაინას მომავალ წელს მაინც დაეწევა.
"ვიტალი კლიჩკოს ბოლო განცხადება, სადაც ავტორიტარული მმართველობის ფორმით ის დღევანდელ უკრაინას პუტინის რუსეთს ადარებს, უნდა გავატაროთ სალომე ზურაბიშვილის უკანასკნელი ციტატის პრიზმაში, სადაც ის იმედოვნებს, რომ "მომავალ წელს მაინც, საქართველო დაეწევა უკრაინას". ანუ ქვეყნის დახარვეზებული "პრეზიდენტი" მისთვის უცხო სხეულად ქცეულ საქართველოს უსურვებს, ავტორიტარიზმის კუთხით, პუტინის რუსეთის "ჩინურ" მოდელ - უკრაინას დაეწიოს. დღეს, როდესაც "სლავაუკრაინის" შარშანდელი უპირობო გმირები: კლიჩკო, არესტოვიჩი, ზალუჟნი, არახამია და ა.შ. ხმამაღლა ალაპარაკდნენ ქვეყანაში გამეფებულ ავტოკრატიაზე, კორუფციის უპრეცედენტო დონეზე, "სანიმუშო" ამერიკულ სასამართლო სისტემაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახლში ყუთებში განთავსებულ მილიონობით "ქეშს" პოულობენ: საინტერესოა, რომელ ერთ კომპონენტში უნდა დავეწიოთ უკრაინას. და რა თქმა უნდა, სავსებით ლოგიკურია უნგრეთის პრემიერის პოზიცია, რომელიც ასეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კატეგორიული მოწინააღმდეგეა. ვინაიდან კლიჩკოს თუ არესტოვიჩის შეფასებებით - პუტინის რუსეთი არანაკლებად (თუ არა მეტად) იმსახურებს იმავე სტატუსს, რაც უკრაინას მიანიჭეს. მაგრამ, თუ ასეა - მაშინ ამ "კამპანიაში" საქართველოს არაფერი ესაქმება. ან, როგორც მინიმუმ - უკრაინას უნდა ჩამოერთვას მისთვის დაუმსახურებლად მინიჭებული "ჯილდო". მაშ, ვის და რატომ უნდა დავეწიოთ, ქალბატონო სალომე?" - წერს ქართველიშვილი.