3-12-2023
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, გიორგი ვაშაძის, პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის დავით კეზერაშვილთან, ლონდონში ვიზიტი შეაფასა.
მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოახლოებული არჩევნების წინ „თავზარდამცემი სისწრაფით“ განაგრძობს დაშლას, რის გამოც, სავარაუდოდ, მთავარმა სპონსორმა, კეზერაშვილმა, პარტიის ლიდერები დაიბარა.
„ნაციონალური მოძრაობა“ რა მდგომარეობაშიც არის, ამას მგონი, ყველა ვხედავთ, ეს არ იმალება, სააშკარაოზეა გამოტანილი. თავზარდამცემი სისწრაფით იშლება პარტია და ეს ყველაფერი ხდება მოახლოებული არჩევნების წინ, რაც ერთი ასად ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“, მისი პოლიტიკური ლიდერების მდგომარეობას. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დაიბარა თავისთან ეს ადამიანები მათმა მთავარმა სპონსორმა. რა თქმა უნდა, ჩაიბარებს მათგან ანგარიშს, დარწმუნებული ვარ, არ იქნება გახარებული მდგომარეობით, რასაც ეს ბატონები თავიანთ პატრონს ჩაუტანენ ლონდონში. კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება მოვლენები ამ ე.წ. პარტიაში, რაც ვფიქრობ, ლოგიკური დასასრულია იმისი, რასაც ეს ადამიანები ორი ათწლეულის მანძილზე აკეთებდნენ თავიანთ ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ.
ზოგადად, ნათქვამია რასაც დასთეს იმას მოიმკიო, თესავდნენ ბოროტებას და საბოლოო ჯამში, მიიღეს ბოროტება. ნამდვილად არ დამწყდება გული, თუ ეს ავაზაკთა გაერთიანება, რომელსაც თავის დროზე ვიღაცამ პარტია დაარქვა, ამ ფორმით, ტანჯვით დაიშლება. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მალე დაიშლება ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო მალე გათავისუფლდება დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი იმ მარწუხებისგან, რომელიც სააკაშვილმა თავის ავაზაკებთან ერთად დაადო სრულიად ქართულ ოპოზიციას,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.