გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშია ვიკტორ ნოზაძისადმი მიძღვნილ კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა

5-12-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ცნობილი ქართველი მოღვაწის, რუსთველოლოგის ვიკტორ ნოზაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე მოხსენება წაიკითხა.ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და „ვიკტორ ნოზაძის საზოგადოების“ ორგანიზებით გაიმართა.

 

თსუ რექტორის თქმით, „ვიკტორ ნოზაძის ბედი მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს ბედთან. ემიგრაციაში მყოფმა ბევრი რამ გააკეთა საქართველოს ისტორიის, კულტურის, „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციისთვის. მან მრავალ ქვეყანას გააცნო საბჭოთა იმპერიის მიერ გამომწყვდეული საქართველო.“ ჯაბა სამუშიას განცხადებით, თსუ მზადაა, რომ ხელი შუწყოს ვიკტორ ნოზაძის საარქივო მასალებზე დაყრდნობით შექმნილი წიგნების გამოცემას.

 

ვიკტორ ნოზაძის 130 წლის იუბილეს ეძღვნება თსუ-ში პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია და სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.კვირეულის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიმართება გამოფენა. ასევე, დაგეგმილია ვიკტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა და მუზეუმის დათვალიერება.

 

ვიკტორ ნოზაძე სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში. 1919 წელს, როგორც ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 ახალგაზრდა სტუდენტთან ერთად გაიგზავნა სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში - ლონდონისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. ვიკტორ ნოზაძე 1928 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, დააარსა და გამოსცემდა ლიტერატურულ-სამეცნიერო და პოლიტიკურ ჟურნალ „კავკასიონს“. ვიკტორ ნოზაძე არის „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ნაშრომების სერიის ავტორი. მათ შორის არის ნაშრომები: „ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება“ (ბუენოს-აირესი, 1953 წელი); „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“ (სანტიაგო დე ჩილე, 1959 წელი); „ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება“ (სანტიაგო დე ჩილე, 1959 წელი); „ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება“ (პარიზი, 1975 წელი) და სხვ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031