6-12-2023
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანების და საქართველოს მიმართ დახმარების საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით მზადაა ნატო-ს წევრობისთვის და საჭიროა ალიანსის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„მომავალ წელს ვაშინგტონში სამიტი მნიშვნელოვანია, მათ შორის იმიტომ, რომ საიუბილეო სამიტია და ალბათ იმის ფორმატია, რომ მთლიანად მოხდეს ნატო-ს როლის გააზრება უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანების და საქართველოს მიმართ დახმარების საკითხში. ჩვენი სურვილია, რომ ნატო-ს მხრიდან გვქონდეს მკაფიო მიდგომები საქართველოს გაწევრიანების გზაზე. საქართველო უკვე დიდი ხანია, იქცევა, როგორც ნატო-ს მოკავშირე წევრი ქვეყანა. ჩვენი ქცევითა და ჩვენი კონტრიბუციით უსაფრთხოების საკითხებში დიდი ხანია, ისე ვიქცევით, როგორც ალიანსის წევრი. ამავე დროს, ნატო-სთან ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენს სამხედრო კონტინენტს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიღებული აქვს მისიებში და ა.შ. ამით თავსებადობაც უზრუნველყოფილია. თუ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები შედარდება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, შესაბამის სტანდარტზეა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. უკვე დიდი ხანია, ყველა ამ პარამეტრით საქართველო მზად არის, რომ ნატო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და საჭიროა ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს მხრიდან. რაც შეეხება უშუალო საკითხებს, აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა, ნატო-სთან ისაუბრონ ფორმატებზე, ჩანაწერებზე და ა.შ. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, წარმოვადგენდი საპარლამენტო განზომილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.