6-12-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის, აკადემიკოს ინესა მერაბიშვილის საჯარო ლექცია – „სიტყვის მნიშვნელობა და მისი ახალი სემანტიკური სამკუთხედი ლინგვოფილოსოფიურ და ფიზიოლოგიურ ჭრილში“ გაიმართა.
ლექცია მიეძღვნა ინესა მერაბიშვილის მიერ განვითარებულ იმ კონცეფციას, რომელზე დაყრდნობითაც მან გახსნა და თარგმნა ინგლისურ ენაზე გალაკტიონის პოეზია.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ინესა მერაბიშვილმა ღონისძიებაზე ისაუბრა სიტყვის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებასა და იმ კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც თარგმნა გალაკტიონის შემოქმედება ინგლისურ ენაზე. მან ასევე ისაუბრა ზოგადად ლინგვისტური ცოდნის მნიშვნელობაზე.
,,ლინგვისტური ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი გენიოსთა შემოქმედების კვლევის პროცესში და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ცოდნას, როდესაც ვიწყებთ დიდი შემოქმედების თარგმნას,“ -განაცხადა ინესა მერაბიშვილმა.
თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა ინესა მერაბიშვილის სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობაზე, მის ღვაწლზე და მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილ მის უდიდეს წვლილზე.
,,სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ლიტერატურასა და მეცნიერებაში სიტყვის გაცოცხლება უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი საქმეა,“-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ და ისაუბრა ინესა მერაბიშვილის როგორც სამეცნიერო, ასევე პედაგოგიურ საქმიანობაზე.
„ინესა მერაბიშვილს შეუძლია, რომ ყოველი ლექცია აქციოს არა მხოლოდ საინტერესო ლექციად, არამედ დღესასწაულად,“-განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა. მისი თქმით, ის საქმიანობა, რომელსაც ქალბატონი ინესა ეწევა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებისთვის, არამედ ქვეყნისა და ეროვნული ლიტერატურის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის.