გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: The Times-ის ცნობით, სულ უფრო მეტი ამერიკული ოჯახი ირჩევს შვილებისთვის მათემატიკის სწავლების საბჭოთა მოდელს - „არა რუსულ მათემატიკას?“

7-12-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ბრიტანული გამოცემა The Times-ის იმ ინფორმაციას განიხილავს, რომლის მიხედვითაც ამერიკულ ოჯახთა სულ უფრო მზარდ რაოდენობას სურს, რომ მათმა შვილებმა დამწყები კლასებიდანვე მათემატიკა ე.წ. „საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემით“ ისწავლონ.

 

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს აჩვენებს, რომ ყოველივე „საბჭოურის“ სტიგმატიზაცია და დემონიზირება გარედან შემოგდებული მავნებლობაა.

 

„მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA), 2022 წლის საქართველოსთან დაკავშირებული კატასტროფული მონაცემები კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ გლობალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რაზეც განგაში აქვთ გამოცხადებული არა მხოლოდ შვედეთსა თუ გერმანიაში, არამედ „თვით“ ამერიკაშიც კი.

 

ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით, ამერიკულ ოჯახთა სულ უფრო მზარდ რაოდენობას სურს, რომ მათმა შვილებმა დამწყები კლასებიდანვე მათემატიკა ე.წ. „საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემით“ ისწავლონ. მიაჩნიათ, რომ ეს მათ შვილებს უპირატესობას მისცემს შემდგომში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.

 

შეერთებულ შტატებში „საბჭოთა სისტემით“ მათემატიკის შესწავლის შესაძლებლობას სთავაზობს საბჭოთა კავშირის დროს ამერიკაში გაქცეული რუსი ემიგრანტების შთამომავალი, ალექსანდრე კოლჩინსკი თავის სასწავლებელ – Russian Math Tutors-ში. ამრიგად, კოლჩინსკის საგანმანათლებლო კომპანია ჰპირდება ბავშვებს მდიდარი ამერიკული ოჯახებიდან, რომ მათ ასწავლის მათემატიკას იმ საბაზისო პრინციპების მიხედვით, რომლებიც სსრკ-ს ჰქონდა შემუშავებული მაშინ, როდესაც საბჭოთა იმპერია ჩართული იყო კონკურენტულ კოსმოსურ რბოლაში ამერიკასთან და მას სჭირდებოდა უმაღლესი რანგის მეცნიერები და ინჟინრები.

 

კომპანია ჰპირდება თავის შეგირდებს სწავლების ისეთ სტილს, რომელიც განავითარებს მათში ანალიტიკურ მსჯელობას, კრიტიკულ პრინციპებს, ასოციაციურ და აბსტრაქტულ აზროვნებას, რისთვისაც იმავე ალგებრის სწავლებას იწყებენ ბავშვების ადრეული ასაკიდან. მისი სკოლის წარმატება უკვე მრავალ ამერიკულ ოჯახს აძლევს იმედს, რომ ეს დაეხმარება მათ შვილებს დაიკავონ მათთვის კუთვნილი ადგილი აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

 

„ჩვენს სწავლებაში ვიყენებთ რეალური სამყაროს მათემატიკას, ვცდილობთ ავუხსნათ სტუდენტებს არა მხოლოდ ასეთი მათემატიკის არსი, არამედ რატომ ვსწავლობთ მას“, – აცხადებს კოლჩინსკი. მისი თქმით, სასწავლო პროგრამა ეფუძნება საბჭოთა სახელმძღვანელოებს, რომლებიც მისმა კომპანიამ საგულდაგულოდ თარგმნა.

 

ანალოგიურ დასაბუთებას გვთავაზობს ბოსტონში დაფუძნებული რუსული მათემატიკის სკოლა RSM (Russian school of mathematics), რომელიც ასევე საბჭოთა კავშირიდან ლტოლვილებმა დააარსეს. ისინი მათემატიკას უწოდებენ „ნავიგატორს ცხოვრების გარდაუვალ გაურკვევლობაში“ და მოუწოდებენ თავიანთ სტუდენტებს, სწორედ ასეთი თვალსაზრისით განიხილავდნენ ამ საგანს.

 

როგორც The Times აღნიშნავს, სულ უფრო მეტი ამერიკული ოჯახი ირჩევს შვილებისთვის მათემატიკის სწავლების საბჭოთა მოდელს. ამ დღეებში მანჰეტენის კერძო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა გაზეთ „ნიუ იორკ პოსტს“ შესჩივლა კიდეც, რომ ის სტუდენტები, რომლებიც საბჭოთა პროგრამით სწავლობენ, „უარყოფით გავლენას“ ახდენენ კლასის სხვა მოსწავლეებზე, აკომპლექსებენ მათ და უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ, იმდენად დიამეტრულად განსხვავებულია მათი აზროვნებითი განვითარების დონე.

 

ალექსანდრე კოლჩინსკი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებში საბჭოთა სტილის მათემატიკის განათლებაზე დინამიკური მოთხოვნა აიხსნება ასევე მათემატიკური ოლიმპიადების მზარდი პოპულარობით. მისი თქმით, სხვადასხვა საგანში ოლიმპიადები „საბჭოთა კავშირის კულტურისა და საგანმანათლებლო სისტემის ძალიან დიდი ნაწილი იყო“ და ახლა ასეთი შეჯიბრებები უკვე მთელ შეერთებულ შტატებში ტარდება.

 

ამ მხრივ, ყოველივე „საბჭოურის“ სტიგმატიზაცია და დემონიზირება, ასევე გარედან შემოგდებული მავნებლობაა, განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, სადაც ძალიან კარგად შეუძლიათ შავისა და თეთრის, ბოროტებისა და სიკეთის გარჩევა. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამის მიგნება ერთ-ერთ ცალკე აღებულ სფეროში არანაირ დისკომფორტს არ იწვევს. თუ პირიქით - „არა რუსულ მათემატიკას?“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930