12-12-2023
“ძალიან ბავშვური და უსუსურია თქვენი არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ გვაძლევს ჩვენ ევროკავშირი სტატუსს (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სტატუსს მივიღებთ),” - ასე მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის ტრიბუნიდან “ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერის, გახარიას პარტიის წევრების მხრიდან ქვეყანაში კორუფციაზე საუბარი სრულიად მიუღებელია და ამის საწინააღმდეგოდ დეპუტატმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის მონაცემები მოიყვანა.
“მინდა გამოვეხმაურო ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების, ე.წ. გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც კორუფციაზე საუბრობენ. როგორც ჩანს, მათ ასეთი დავალება მიიღეს თავიანთი პატრონებისგან, რომ კორუფცია არის მათი თემა და ამაზე უნდა ისაუბრონ. ძალიან მაინტერესებს, როდესაც თქვენს რიგებში არის სამი გუბერნატორი, ერთი - ეკონომიკური მრჩეველი, ერთი - ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ასევე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თქვენ როდესაც იყავით ხელისუფლებაში მაშინ კორუფცია რა იყო - “ქართული ჯიგრული პონტი” იყო და ახლა არის კორუფცია?
მე გეტყვით ახლა, რა არის სიმართლე. მე ხელთ მაქვს მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის მიხედვითაც კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო უსწრებს NATO-ს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის 5 წევრ ქვეყანას, და ამავე მიმართულებით, მსოფლიოში მეოცე ადგილს, ხოლო ევროპაში მე-11 ადგილს იკავებს. ეს არის სიმართლე და არა ის ტყუილი ნარატივი, რომელსაც გახარიას პარტია ავრცელებს და ასე ცდილობს მოსახლეობის აღშფოთების გამოწვევას და თავისთვის პოლიტიკური ქულების დაწერას,’ - განაცხადა სეფაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის ნარატივზე, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ქართველი ხალხის და არა საქართველოს ხელისუფლება.
“ასევე, ძალიან ბავშვური და უსუსურია თქვენი არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ გვაძლევს ჩვენ ევროკავშირი სტატუსს (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სტატუსს მივიღებთ). ის ყალბი ნარატივი, რომ ქართველი ხალხი სტატუსს იმსახურებს იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ნება არის ასეთი - არ არის სწორი. დიახ, ქართველი ხალხის ნება არის ეს, ასე იყო შარშანაც, წინა ხელისუფლების დროსაც და საუკუნეების წინაც.
საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენ მის შექმნაშიც მოგვიღია მონაწილეობა და მის განვითარებაშიც ვმონაწილეობთ.
საქართველოს მოსახლეობა ათი წელი ზედიზედ ნდობას უცხადებს პროევროპულ ძალას - “ქართულ ოცნებას”, რომელიც ახორციელებს რეფორმებს ისე, როგორც საჭირო არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის და იმისთვის, რომ საუკეთესოდ მოემსახუროს ხალხის ინტერესებს და საუკეთესოდ დაიცვას ეროვნული ინტერესები - მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რამაც უნდა შექმნას ის გარემო, რომ საქართველოში შეიქმნას სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება და დამსახურებულად მივიღოთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი, რომელიც ეფუძნება ასოცირებაში გაწერილი რეკომენდაციების, ე.წ. 12 და მომდევნო 9 ნაბიჯის განხორციელებას და არა უბრალოდ, გამოხატულ ხალხის ნებას და რაღაც ხელმოწერების შეგროვებას," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024