გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ მეორე ფლანგს – მელია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, ხაზარაძე, გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა

12-12-2023

„რეალურად, კეზერაშვილი ხარჯავს მთლიანად ფულს „ნაციონალურ მოძრობაში“. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის წარმართავს პროცესებს. მთავარი ის არის, კეზერაშვილს ვინ მართავს. ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, როცა ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი კოორდინირებულია, ერთი მხრივ, ეს არის კრიზისის გამოხატულება, მაგრამ თან არის კოორდინირებული „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, კეზერაშვილმა რომ თავის დროზე ხაბეიშვილი დანიშნა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ, ესეც მიუთითებს იმ კოორდინაციაზე, რომელიც ამ პროცესის გარშემო შეინიშნება.


„ვიღაცების ინტერესებშია, დაბლა დაიწიოს „ნაცმოძრაობის“ პროცენტმა, რათა მესამე პარტიამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა. რაღაცნაირად უნდა დააბალანსონ პროცენტები ერთმანეთში. ისინი ფიქრობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ 20 პროცენტს თუ აიღებს, ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობის“ მეორე ფლანგს – მელია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, ხაზარაძე, გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა. იმისთვის, რომ მათაც გადალახონ ბარიერი, ისინი ფიქრობენ, რომ „ნაცმოძრაობამ“ ცოტა ნაკლები უნდა მიიღოს. ეს არის მარტივი გეგმა, თუმცა საზოგადოება ამ გეგმას გაშიფრავს“, – განაცხადა კობახიძემ.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არაერთხელ იყო ეგრეთ წოდებული მესამე ძალის შექმნის მცდელობა, თუმცა ეს პროექტი ყოველ ჯერზე ჩავარდა.

„გახსოვთ, სხვადასხვა დროს იყო მცდელობა, „ნაცმოძრაობის“ გვერდით შეექმნათ ეგრეთ წოდებული მესამე ძალა. ჯერ ეს იყო „ევროპული საქართველო“, 2016 წელს, მთელი გეგმა იყო მომზადებული ამის გარშემო, თუმცა ჩავარდა. „ევროპული საქართველო“ ერთ პროცენტსაც ვეღარ აიღებს საპარლამენტო არჩევნებზე. 2020 წლის გეგმა იყო „ლელო“, თუმცა, გახსოვთ რომ „ლელომ“ სამი პროცენტი აიღო საბოლოო ჯამში და მესამე იყო გახარია, რომლის მთავარი დავალება იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეღო 43 პროცენტი თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა ეს გეგმაც ჩავარდა. ანუ, ყოველ ჯერზე იყო მცდელობა, რომ რეალურად, ნაცური, თუმცა ვითომ მესამე ძალა შექმნილიყო. „ევროპული საქართველოც“ ჩავარდა, „ლელოც“ და გახარიაც.


სამივე პროექტი ჩავარდა. ასევე ჩავარდება მეოთხე პროექტიც. ზოგადად, ისეთი დომხალია, წარმოიდგინეთ, ერთად, ერთ პარტიაში შეყრილი ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, მელია, შეიძლება, გვარამია დაემატოს, ლომჯარია. ასეთ აჯაფსანდალს როგორ შეიძლება, ხუთმა პროცენტმა დაუჭიროს მხარი საქართველოში. ქართული საზოგადოება ბევრად მომწიფებულია, ვიდრე ვიღაცებს ჰგონიათ. ვიღაცები ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოში საზოგადოება არის მომწიფებული და ასეთ ფიქტიურ „ნაცურ“ გაერთიანებებს აღარ იყიდის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930