13-12-2023
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დასაფინანსებლად, ჯამში, გამოყოფილია 2 მილიარდ 70 მილიონი ლარი. მისი თქმით, გამოყოფილი ჯამური თანხიდან სკოლებისა და ინკლუზიური განათლების დაფინანსებას მოხმარდება 1 მილიარდ 336 მილიონი ლარი, რაც 170 მილიონით აღემატება 2023 წლის დაფინანსების მოცულობას.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, გაზრდილი დაფინანსების უდიდესი ნაწილი, გამოყოფილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასის მოსაწესრიგებლად.
„მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებლებს წარუდგინა ხელფასის გაანგარიშების ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების მოცულობა დიდწილად დაკავშირებულია საგაკვეთილო საათების რაოდენობასთან. ახალი მოდელის მიხედვით, მომდევნო წლის ივლისიდან, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და 1 900 ლარს გადააჭარბებს. ეს არის ერთ წელიწადში ხელფასის, დაახლოებით, 35%-იანი ზრდა, რის შემდეგაც მასწავლებლის ანაზღაურება გარკვეულწილად გაუთანაბრდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, გარდა მასწავლებლების ხელფასისა, 2024 წელს გაიზრდება სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურების ხელფასებიც. კერძოდ, მანდატურების ხელფასები გაიზარდა 125 ლარით (1000 ლარიდან 1125 ლარამდე), ხოლო ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი იზრდება 10%-ით. ასევე, გათვალისწინებულია პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურების ზრდა 18 ლარიდან 20 ლარამდე.
ზოგადი განათლების დაფინანსების ფარგლებში, 60 მილიონ ლარამდე გამოყოფილია მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფისთვის (პირველკლასელებისა და წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადასაცემად), ხოლო 77 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი საჯარო სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოსაწყობად.