გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ განცხადებას ავრცელებს

12-09-2018

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შედეგების შესახებ ინფორმაციას წარმოუდგინა:


„2018 წლის 11 სექტემბერს 73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 3 637 საარჩევნო უბანში არსებულ 21 822 ვაკანტურ ადგილზე აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის 21 779 წევრი. 43 ადგილი დარჩა ვაკანტური, სადაც შესაძლებელია ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა.


საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ, როგორც რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, ისე აკრედიტებულ დამკვირვებლებსა და მედიას. საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 18 ადგილობრივი ორგანიზაციის 208 დამკვირვებელი, 7 საარჩევნო სუბიექტის 72 წარმომადგენელი და 3 მედია საშუალების 5 წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ 21 822 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა 29 797 კონკურსანტის განაცხადი (რაც ერთ ვაკანტურ ადგილზე საშუალოდ არის 1.37 საკონკურსო კოეფიციენტი). ამასთან, თითოეულ საარჩევნო უბანზე არსებულ 6 ვაკანსიაზე ნაკლები განაცხადი შესული იყო 3 637-დან 33 საარჩევნო უბანზე, ხოლო ზუსტად 6 განაცხადი შევიდა 897 საარჩევნო უბანზე, რაც არის საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის 25%. ასევე, 6 ვაკანტურ ადგილზე 7 განაცხადი შევიდა 843 საარჩევნო უბანზე (23%), 8 განაცხადი - 593 საარჩევნო უბანზე (16%), 9 განაცხადი - 473 საარჩევნო უბანზე (13%) და 10 და მეტი განაცხადი ჯამში 798 საარჩევნო უბანზე (22%).


საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრთათვის გასაუბრების პროცესის ხელშეწყობა, რომელთაც სურვილი გამოთქვეს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოეწვიათ გასაუბრებაზე კონკურსანტები. გასაუბრების პროცესის ინიცირება და შესაბამისად წარმართვა ოლქების 2/3-ში, კონკრეტულად 73-დან 49 საარჩევნო ოლქში (67%) არ განხორციელებულა. 23 საარჩევნო ოლქში, კომისიის ცალკეული წევრების მიერ ჩატარდა გასაუბრება იმ მოქალაქეებთან, რომლებიც მოწვეულ იქნენ და გამოცხადდნენ საკუთარი სურვილით, ხოლო ერთ საარჩევნო ოლქში განხორციელდა სატელეფონო გასაუბრება. ჯამში 29 797 კონკურსანტიდან გამოცხადდა და გასაუბრება გაიმართა 159 კონკურსანტთან.


რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ პირებს, მნიშვნელოვანია, რომ არჩეული 21 779 წევრიდან 20 139 (92.5%) არჩეული იყო მაღალი ქვორუმით, კერძოდ 9 და მეტი ხმით. 8 ხმით არჩეულია 1370 (6.3%) წევრი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური ქვორუმით - 7 ხმით, არჩეულია 252 წევრი, რაც საერთო რაოდენობის 1.2%-ია.


არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო 5 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 18 302 პირს, რაც საერთო რაოდენობის 84%-ია.


დანარჩენ არჩეულ პირთაგან (16%) უმრავლესობას საარჩევნო გამოცდილება აქვს მიღებული სხვადასხვა არჩევნებზე კომისიის წევრად ან დამკვირვებლად ან წარმომადგენლად და ასევე, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილე.


აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან 5 980 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილე, ხოლო 219 - ”საარჩევნო განვითარების სკოლების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდაა.


ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციები.


აღსანიშნავია, რომ არცერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031