18-12-2023
მინდა ასევე შევეხო კიდევ 1 მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც განხორციელდა ბოლო 2 წელიწადში. ეს არის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და მედიკამენტების ფასების შემცირება. ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, გახსოვთ, რომ თურქეთის ბაზარი გავხსენით, შემდეგ უკვე დაწესდა რეფერენტული ფასები, თითქმის 400 მილიონ ლარამდე დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა დანახარჯებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ზოგადად, ეს დანახარჯები შემცირებულია მნიშნელოვნად, ხარჯები დაეზოგებათ ჩვენს მოქალაქეებს.
„მანამდე, მოგეხსენებათ, რომ არ არსებობდა არც რეფერენტული ფასები, რიგ შემთხვევაში ფარმაცევტული კომპანიები 100, 200 და 300%-იანი მარჟებით ყიდდნენ მედიკამენტებს.
დღეს ეს ეპოქა დასრულებულია, ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ ამ პროცესს. მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ეს რეფორმა, დაწესდა რეფერენტული ფასები და გაიხსნა თურქეთის ბაზარი, იყო არაერთი მცდელობა იმისა, რომ შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ჩვენ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ და ყველა ასეთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე, მინდა ამის თაობაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო.
მნიშნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, იგივე დიაბეტის მართვის მიმართულებით, C ჰეპატიტის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ განკურნებული არის 95% ჩვენი მოქალაქეებისა, ვისაც ჰქონდათ C ჰეპატიტი", - განაცხადა პრემიერმა.