22-12-2023
„ისევ დაიწყება პოლიტიკური არევის მცდელობა და ეს ნიშნები უკვე ჩანს,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„დაიწყება მცდელობები და მტკიცება იმის, რომ საქართველოში არჩევნები არასამართლიანად და არასწორად ჩატარდა. ისევ დაიწყება პოლიტიკური არევის მცდელობა და ეს ნიშნები უკვე ჩანს. იგივე გახარიას პარტიის განცხადებები, როცა ისინი კორუფციაზე საუბრობენ, მაშინ, როცა კორუფციის კონტროლის საერთაშორისო რეიტინგით საქართველო ევროპაში მეთერთმეტე ადგილზეა და ევროკავშირის ქვეყნებს უსწრებს. ასევე, რაღაც ძალები პრეზიდენტთან ერთად საუბრობდნენ სამართალდაცვითი სისტემის ხარვეზიანობაზე.
სინამდვილეში, კანონის უზენაესობის მხრივ, საქართველო რეგიონში ლიდერია და უსწრებს ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებს,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ იშურებს ძალისხმევას მოახდინოს საზოგადოებაზე მანიპულაციური გზით ზემოქმედება.
„მცდელობები დეზინფორმაციის, საზოგადოებაზე მანიპულაციური გზით ზემოქმედების დაწყებულია. თუმცა, სიმართლე არის აბსოლუტურად სხვა. ეს სიმართლე მოვიყვანე ციფრებით, რომელიც ასახულია საერთაშორისო რეიტინგებში და ამის ნახვა ყველას შეუძლია. ეს არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგები და გამოქვეყნებული ანგარიშები, რომლებზეც მუშაობდა პროფესიონალი და გამოცდილი ექსპერტების უზარმაზარი ჯგუფი,“ - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.