23-12-2023
„დღეს, უპირველესად ევროკავშირისთვის საუბედუროდ, გენდერული სიგიჟე შეღწეულია მათ საკანონმდებლო სივრცეში, თუმცა არც ეს გარემოება ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის საკუთარი ინტერესების, იდენტობის, ტრადიციულობისა და ეროვნულ, სარწმუნოებრივ ფასეულობათა ბაზისის მიუხედავად, ხდება მიუღებელი კანონის ძალდატანებითი მიღება მასთან „ჰარმონიზაციის“ მიზნით,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს ეროვნულ ღირებულებებთან მიუღებელი კანონის მიღებისას, გვაქვს მარტივი გამოსავალი: ან კი, ან არა.
„წელს 26 წელი შეუსრულდა საქართველოს პარლამენტის 1997 წლის დადგენილებას „საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ“. ეს ფაქტი ამოტივტივდა მეხსიერებაში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გამო, ნიშნად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობების ჰარმონიზაციის საკითხი არახალია და ხელახლა განხილვას არ ექვემდებარება. ექვემდებარება ხელახლა განხილვას მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი და ქვეყნის მოსახლეობის საფუძვლიანი შიშიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. ისევე, როგორც აუცილებელია ამ შიშებს გაეცეს არგუმენტირებული პასუხი. ჯერ კიდევ 1997 წელს ევროკავშირი არ იყო მოდებული ლიბერალური ფაშიზმის მეტასტაზებში, მისთვის უცხო იყო კაცობრიობის შექმნის ბიბლიური საფუძვლების გადახედვა და ოდესღაც ელემენტარული ფასეულობების გაუკუღმართება, „გენდერული თეორიების“ თავზე მოხვევა.
დღეს, უპირველესად ევროკავშირისთვის საუბედუროდ, გენდერული სიგიჟე შეღწეულია მათ საკანონმდებლო სივრცეში, თუმცა არც ეს გარემოება ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის საკუთარი ინტერესების, იდენტობის, ტრადიციულობისა და ეროვნულ, სარწმუნოებრივ ფასეულობათა ბაზისის მიუხედავად, ხდება მიუღებელი კანონის ძალდატანებითი მიღება მასთან „ჰარმონიზაციის“ მიზნით. ისევე, როგორც ადამიანურ დონეზე, „ლუციფერი“ არ გაძალებს ცოდვის ჩადენას, ის მხოლოდ გთავაზობს შენ ამას - აქაც ანალოგიური ვითარებაა. ცოდვის ჩადენის წინ, ისევე, როგორც ჩვენს ეროვნულ ღირებულებებთან მიუღებელი კანონის მიღებისას, გაქვს მარტივი გამოსავალი: ან კი, ან არა. ხოლო თუ ჩაიდინე, ნურც „ლუციფერს“ დააბრალებ ამას და ნურც „ევროკავშირს“.
მოდით ჩვენთვის ეს ყველაზე მგრძნობიარე თემა ფაქტებისა და არგუმენტების ფილტრში გავატაროთ. დღესდღეობით „მრავალფეროვანმა გენდერულმა თეორიამ“ ევროკავშირის კანონმდებლობაში ექვსი ტიპის კანონში პოვა ასახვა. შემდგომი ჩვენი განხილვის გამარტივების მიზნით, მოვახდინოთ მათი ნუმერაცია: 1) ერთსქესიანთა ურთიერთობების გამო სისხლის სამართლის დასჯადობის გაუქმება, 2) ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, 3) ერთსქესიანთა შორის „სამოქალაქო კავშირების“ აღიარება, 4) ერთსქესიანთა ოჯახის უფლება შვილების აყვანაზე, 5) „ელ-ჯი-ბი-თი-ქიუ“ თემის წარმომადგენელთა ჯარში მსახურების უფლება საკუთარი ორიენტაციის აღიარების უფლებით, 6) „ელ-ჯი-ბი-თი-ქიუ“ თემის წარმომადგენელთა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კანონი.
ევროკავშირში შემავალ 27 წევრ ქვეყანაში, ყველგან არის გაუქმებული ერთსქესიანთა ურთიერთობების გამო დასჯადობა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. ერთსქესიანთა ქორწილის რეგისტრაცია 27 ქვეყნიდან აკრძალულია 15-ში: ლატვია, ლიეტუვა (თუმცა ცნობს სხვა ქვეყნებში რეგისტრირებულ ქორწინებებს), მონაკო, უნგრეთი, ლიხტენშტაინი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ხორვატია (2013 წლის რეფერენდუმის შედეგად), ჩეხეთი, ვატიკანი, საბერძნეთი, კვიპროსი, სან-მარინო, ბულგარეთი, რუმინეთი – ანუ თავის უმრავლესობაში. ევროკავშირის 27 წევრი-ქვეყნიდან ერთსქესიანთა შორის „სამოქალაქო კავშირების“ აღიარება დაკანონდა 20 ქვეყანაში, აკრძალულია შვიდში: ლატვია, ლიეტუვა (კანონპროექტი განხილვის სტადიაზეა), პოლონეთი, სლოვაკეთი, ვატიკანი, ბულგარეთი, რუმინეთი.
არ არის ერთსულოვნება არც ერთსქესიანთა ოჯახის უფლებების დაკანონებაზე შვილების აყვანის საკითხში. ევროკავშირის 27 წევრი-ქვეყნიდან ეს უფლება აკრძალულია 14 სახელმწიფოში: ლატვია, ლიეტუვა, მონაკო, უნგრეთი, ლიხტენშტაინი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ვატიკანი, საბერძნეთი, იტალია (კანონპროექტი განხილვის სტადიაზეა), კვიპროსი, სან-მარინო, რუმინეთი. რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის საკითხებს და ანტიდისკრიმინაციული კანონების მიღებას – შესაბამისი კანონები მიღებულია ყველგან, ვატიკანის გარდა, ანტიდისკრიმინაციული კანონის შემთხვევაში. ასეთია ფაქტობრივი მდგომარეობა ევროკავშირის წევრ- სახელმწიფოებს შორის, რაც ობიექტური დასკვნებისა და მიუკერძოებელი ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა პრინციპით, რამდენად „სავსეა“ თუ „ცარიელი“ ეს „ჭიქა“.
უმაღლესი“ ევროპული „ლიგიდან“ გადავინაცვლოთ ახლა ჩვენს, „პირველ“ ლიგაში, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ცხრა ქვეყანას: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა და მონტენეგრო. აქაც განსახილველ იდენტურ საკითხში, მოვიშველიოთ ჩვენ მიერ გაკეთებული ნუმერაცია: 1) ყველგან არის გაუქმებული, 2) ყველგან არის აკრძალული (უკრაინაში კანონპროექტი განხილვის სტადიაზეა), 3) მონტენეგროს გარდა – ყველგან არის აკრძალული, 4) ყველგან არის აკრძალული, 5) თურქეთისა და საქართველოს გარდა – ყველგან არის დაშვებული და 6) ყველგან არის მიღებული, თურქეთის გარდა“, - აცხადებს ქართველიშვილი.