გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ დავით ფრანგიშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა

26-12-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ევროპის აკადემიის წევრი, პასტერის (საფრანგეთი) ინსტიტუტის საპატიო პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, თსუ მოწვეული პროფესორი დავით ფრანგიშვილი, თსუ-ში ნაყოფიერი მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

 

ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ დავით ფრანგიშვილის პროფესიულ საქმიანობასა და წარმატებაზე ისაუბრა. „დავით ფრანგიშვილი მსოფლიო დონის მეცნიერია, იგი არის ერთ-ერთი ქართველი, რომელმაც თავის დარგის, ბიოლოგიის განვითარებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. წლების განმავლობაში იგი მოღვაწეობდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა ლაბორატორიებს. ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ბატონ დავითს არასდროს გაუწყვეტია კავშირი "ალმა მატერთან" და მოხარულები ვართ, რომ იგი საბოლოოდ დაუბრუნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ძალიან აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

დავით ფრანგიშვილი თსუ მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორია და თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს ყველა საფეხურის სტუდენტს, კონსულტაციას უწევს სამეცნიერო კვლევების მიმართულებას. მისი დამსახურება ძალიან მნიშვნელოვანია ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის პოპულარიზაციის საქმეში. მისი ინიციატივით საქართველოში დაარსდა მიკრობიოლოგიის ასოციაცია საქართველოში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა, რომელშიც უამრავი ახალგაზრდაა ჩართული. დავით ფრანგიშვილმა მადლობა გადაუხადა თსუ რექტორსა და ფაკულტეტის წარმომადგენლებს ჯილდოსთვის და გაიხსენა უნივერსიტეტში გატარებული წლები. „როდესაც თსუ ფიზიკის ფაკულტეტის პირველკურსელი ვიყავი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მნიშვნელოვან ჯილდოს მივიღებდი მშობლიური უნივერსიტეტისგან. იმ შემოქმედებითმა და საინტერესო გარემომ განაპირობა ის, რომ სამეცნიერო მოღვაწეობა გავაგრძელე ბიოლოგიასა და ვირუსოლოგიაში. ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთთან ასოცირდება. დღეს კი დავბრუნდი ჩემს უნივერსიტეტში და მახარებს, რომ ჩემს ცოდნას, გამოცდილებასა და საერთაშორისო კონტაქტებს მოვახმარ ქართულ მეცნიერებას,“- აღნიშნა დავით ფრანგიშვილმა.

 

ღონისძიებაზე დავით ფრანგიშვილმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას თავისი პუბლიკაციების ასლები გადასცა. თსუ რექტორის ინიციატივით ბიბლიოთეკაში შეიქმნება დავით ფრანგიშვილის პუბლიკაციების ფონდი და ასევე, თსუ გამომცემლობა დაბეჭდავს კრებულს, რომელშიც თემატურად გაერთიანდება ავტორის ყველაზე მნიშვნელოვანი სტატიები. ღონისძიებას თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, გ.ელიავას ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე, აკადემიური წრის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930