გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: ამ ახალ წელს ყველაზე მეტად არ გვეთქმის ილიას სიტყვები: -"რა გითხრათ, რით გაგახაროთ?", სათქმელიც ბევრი გვაქვს და სასიხარულოც

31-12-2023

"მიმავალი წლის ყველაზე დიდი სენსაცია კი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აღმოჩნდა. ვისთვის შოკი, ვისთვის სიხარული და ქვეყნისთვის კი, უდიდესი იმედი!" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.


იგი 2023 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ ამ წლის მსგავსად 2024 წელი რთული, ოპოზიციისგან საარჩევნო მანიპულაციებით სავსე იქნება, მაგრამ საქართველოს წინსვლა შეუქცევადია.


"გასრულდა კიდევ ერთი, პოლიტიკურად დატვირთული წელი. ამ ახალ წელს ყველაზე მეტად არ გვეთქმის ილიას სიტყვები: -"რა გითხრათ, რით გაგახაროთ?", სათქმელიც ბევრი გვაქვს და სასიხარულოც. ახალ წელს ვხვდებით დიდი მონაპოვრით და კვლავ უდიდესი ნებისყოფის ფასად, ქვეყანაში შენარჩუნებული მშვიდობით.


2023 წელი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ევროპული ოჯახისკენ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი - კანდიდატის სტატუსის მოპოვება გააზრებული ქმედების შედეგად. თუმცა, ამ გამარჯვებას წინ უძღოდა ოპოზიციისგან მთელი რიგი რყევები.


თუკი შვილებს შეიძლება ვასწავლოთ სამშობლოს მოღალატეობის ქრონიკები, 2023 წელს ქართული ოპოზიციის ბრძოლა ევროპული გზის წინააღმდეგ საუკეთესო მაგალითად გამოგვადგება.


მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, ბრძოლა მოვიგეთ და დღეს, საქართველოს დროშის გვერდით ამაყად ფრიალებს ევროკავშირის დროშა. 2023 წელი გამორჩეული იყო საქართველოსთვის მსოფლიოს ახალ ზესახელმწიფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებით. მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ჩინეთთან მისასვლელ გზებს ეძებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა.


ესეც ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის შედეგია. გასული წელი გამორჩეული იყო საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობით, რაც მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა და ეს დაძაბულობაც უკვე განიმუხტა.


ამერიკა რჩება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენი რეგიონისთვის, სამხრეთ კავკასიისთვის ყველაზე დიდი მიღწევა იყო საქართველოს ფასილიტატორობა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში. საქართველომ დაიბრუნა დომინანტი სახელმწიფოს როლი კავკასიაში, რაც ჩვენი ფუნქციის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა რეგიონალურ პოლიტიკაში.


აქვე მსურს აღვნიშნო ეთნიკური კონფლიქტების ტრანსფორმაციისთვის და დეესკალაციისთვის საქართველოს ხელისუფლების რეალური მცდელობები. ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან არის ის, რომ პროვოკაციის მიუხედავად, ომი ვერ დააწყებინეს ხელისუფლებას და ამით კონფლიქტი არ გავაღრმავეთ. ჩვენ თმენით, მშვიდობით და მხოლოდ ურთიერთსიყვარულით მივყვებით მოვლენებს და გვჯერა, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. რით დაგვამახსოვრდა კიდევ 2023 წელი? რა თქმა უნდა, მარტის დღეებით, სიცრუეზე აგებული დესტაბილიზაციით და კვლავ ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული ქმედებებით.


"უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ" ამერიკულ კანონს, რომელიც რუსულად მონათლეს, დღეს ევროპარლამენტი იღებს. იყო თუ არა ეს საქართველოს სუვერენული უფლებების შელახვა? რა თქმა უნდა, იყო. ვფიქრობთ, ეს მწარე გაკვეთილი იქნება იმათთვის, ვინც წაუკითხავი კანონის გასაპროტესტებლად რუსთაველზე გარბოდა და დღეს ალბათ ბევრს რცხვენია საკუთარი ქმედების.


2023 წელი გამორჩეული იყო საქართველოს უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტით და ეკონომიკური წინსვლით. თუმცა, სოციალურ-დემოგრაფიულ პოლიტიკაში საზრუნავი ჯერ კიდევ ბევრია და ამ პრობლემას სრულად მოგვარება სჭირდება. მიმავალი წლის ყველაზე დიდი სენსაცია კი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აღმოჩნდა. ვისთვის შოკი, ვისთვის სიხარული და ქვეყნისთვის კი, უდიდესი იმედი! როგორი იქნება ახალი 2024 წელი? იქნება აუცილებლად რთული, დაძაბული, საარჩევნო მანიპულაციებით სავსე კვლავ ოპოზიციისგან, მაგრამ აუცილებლად იქნება გამარჯვების წელი! ჩვენი სახელმწიფოს შეუქცევადი წინსვლა უკვე აღიარებულია ქართველი ხალხისგან და გვჯერა, ამ აღიარებას მოახლოებულ არჩევნებში ხმის მიცემით დაასაბუთებენ.


სიმართლის გზა ეკლიანია, მაგრამ ამ გზის დასასრულში ყოველთვის გამარჯვების დროშა ფრიალებს! სწორედ სიმართლის ეკლიან, მაგრამ გარდაუვალი გამარჯვების გზას მივუყვებით და გვჯერა შედეგის! ქართველობა ჩვენი ცნობიერების შედეგია და არა მხოლოდ წარმომავლობის. ქართული სულით, რწმენით და მომავლის იმედებით გილოცავთ დამდეგ 2024 წელს! ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი მსოფლიოსთვის! მშვიდობა და სიყვარული ყოფილიყოს ახალი წლის მეკვლე! წარმატებები ჩვენს სამშობლოს ახალი რეალური შესაძლებლობებით ახალი მსოფლიოს დასაწყისში!" - წერს ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930