14-09-2018
რუსული გამოცემის, «Независимая газета» -ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ შეტანილ კანონპროექტს - ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში მარიხუანას (კანაფის) კულტივაციასა და მის ექსპორტს ითვალისწინებს, სამედიცინო და კოსმეტიკური თვალსაზრისით.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:
პუბლიკაციაში გადმოცემულია ბოლო დროს საქართველოში ნარკოტიკის შემცველ მცენარესთან - კანაფთან დაკავშირებული ყველა მოვლენა, დაწყებული მარიხუანას როგორც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დაშვებით და დასრულებული მთავრობის ზემოთ ხსენებული ინიციატივით: განხილულია პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის სპიკერის განცხადებები ამ საკითხზე.
როგორც ირკვევა, მარიხუანას მოხმარების დაშვების კვალდაკვალ, ხელისუფლება უკვე კანაფის წარმოებასაც გეგმავს: ეს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და მას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილიც ეთანხმება. „დიდი დრო არ არის გასული იმ დღიდან, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების გადაწყვეტილება მიიღო და მწეველები გაახარა, მაგრამ ახლა ნარკოტიკის მოხმარების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სიტუაციას გადაასწრო: მთავრობას კანაფის ბიზნესის მონოპოლიზება სურს, თან „მარიხუანისტები თოკით ჰყავს დაჭერილები და თავისი მიზნების შესაბამისად იყენებს“.
ოპოზიცია ხელისუფლებას მოგების დაუცხრომელ წყურვილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხარბი მთავრობა არაფერზე უკან არ იხევს. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, „ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელსაც სურს საქართველო ნარკოჰაბად გადააქციოს“. მმართველი პარტიის სხვა მოწინააღმდეგები ეჭვქვეშ აყენებენ პრემიერის განცხადებას, რომ კანაფის წარმოებაზე უმკაცრესი კონტროლი განხორციელდებაო და მას ცარიელ დაპირებად მიიჩნევენ. კანაფის წარმოებისთვის ლიცენზია უპირველესად მთავრობასთან დაახლოებული ადამიანები მიიღებენ, ხოლო თვით სახელმწიფო, მარიხუანას სამრეწველო წარმოებითა და ექსპორტით მხოლოდ გროშებს მიიღებს.
სოციალური ქსელები სავსეა სარკასტული კომენტარებით მთავრობის მიმართ: „ყოჩაღ მთავრობავ! ჩუის ველი არჩია სილიკონის ველს“ (ჩუის დაბლობი ყირგიზეთში ოდითგანვე ცნობილია კანაფის მოყვანით).
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობა არაერთგვაროვანი და სახიფათო პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელსაც შეიძლება მოულოდნელი და არასასიამოვნო შედეგები მოჰყვეს. ისინი მიუთითებენ, რომ ბევრ ქვეყანაში კანაფის მოყვანა აკრძალულია, მათ შორის აშშ-სა და რუსეთში და ისეთი შეზღუდვები მოქმედებს, რომ კანონმორჩილ ბიზნესმენებს კანაფის მოყვანის სურვილი არ უჩნდებათ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ თავის პოზიციას მალე გააჟღერებს. დღემდე ქართული ეკლესია მარიხუანას მიმართ ძალზე ხისტ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.