11-01-2024
ოპოზიცია ცდილობს, რაღაცნაირად, ცარიელ ადგილას შექმნას ხმაური. ევროპარლამენტარების ძალიან მცირე, მაგრამ ხმაურიანი ჯგუფი ამ ოპოზიციის ჩვეულებრივი გაგრძელებაა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა, ევროპარლამენტარების კონკრეტული წევრების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, გასაკვირია, თუ რატომ არის ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებით ასე დაინტერესებული და რატომ ახმოვანებენ რადიკალური ოპოზიციის მოსაზრებებს.
"მე გაოცებული ვარ ხანდახან, კუბილიუსის მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებით, რომლებიც ერთი-ერთში აკოპირებენ ლევან ხაბეიშვილს და რატომ ჩაიგდეს ამხელა ევროპარლამენტარებმა თავი იმ დღეში, რომ კეზერაშვილის მესიჯებს ახმოვანებდნენ, უცნაურია, თუმცა, შეიძლება ამას საფუძველი ჰქონდეს.
მე სულ მიკვირს ხოლმე, რატომ არიან ევროპარლამენტარები ასე თავიდან ფეხებამდე ჩაშვებული და დაინტერესებულები ქართული შიდა პოლიტიკით, ძალიან მიკვირს, იმიტომ, რომ გადაბმულები არიან რაღაც ჯგუფებთან სხვადასხვა საბაბებით და მიზეზებით და სხვადასხვა ინტერესებით, მეტი არაფერი. ისინი ჩვეულებრივად ახმოვანებენ ქართული რადიკალური ოპოზიციის ნარატივს, საერთოდ არ არის მათ მესიჯებში სხვაობა." - განაცხადა ბექა დავითულიანმა.