15-09-2018
გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The Wall Street Journal»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია ირანის ეკონომიკის მდგომარეობა და აღნიშნულია, თუ როგორ ღრმავდება ქვეყანაში კრიზისი აშშ-ის მიერ გამოცხადებული ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების გამო.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ აზა ფითჩი და არეს ექბილის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
მასალაში ახვა თემებთან ერთად საუბარია ტურიზმის მდგომარეობაზეც - მიმდინარე წლის ივლისში მნიშვნელოვნად შემცირდა საზღვარგარეთ წამსვლელი ირანელი ტურისტების რაოდენობა. მაგალითად, თურქეთში - 30%-ით, საქართველოში კი 10%-ით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
"ოჰ, ფასებზე ლაპარაკი არ მინდა", - ამბობს შაჰრამ ჩამანფარი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორი და დისტრიბუტორი. იგი იძულებული გახდა დიდი თანხა გადაეხადა თეირანი-თბილისის ავიარეისით ცოლ-შვილის გასამგზავრებლად - ვაჟი სწავლის გასაგრძელებლად მიდიოდა საქართველოს ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში. თანხის მოსაგროვებლად შაჰრამს მივლინებების გაუქმება მოუწია", - ნათქვამია სტატიაში.
ეროვნული ვალუტის - რიალის კურსის დაცემის გამო ირანის ტურისტული ინდუსტრიაც კრიზისში მოექცა. ამ რამდენიმე წლის წინათ, როცა ირანის შესახებ ბირთვული გარიგება დაიდო და საქციები ნაწილობრივ მოიხსნა, ქვეყანაში უცხოელი ტურისტები მომრავლდნენ (2010 წელს - 2,9 მილიონი, 2016 წელს - 4,9 მილიონი), მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების გამო - ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმების პირობებს აღარ დაიცავსო, ტურიზმზე ძალიან ნეგატიურად იმოქმედა - მოგზაურობის მოყვარულებს პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებისა ეშინიათ.
ვაჰიდ ალინეჯადი, ტურისტული სააგენტოს მფლობელი ამბობს, რომ მის თანამშრომლებს ძალიან უხაროდათ, რომ ამერიკამ და დასავლეთის ხუთმა დიდმა სახელმწიფომ ირანთან 2015 წელს ბირთვული შეთანხმება გააფორმა და იმედი გაუჩნდათ, რომ ეკონომიკური სანქციების მოხსნის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდებოდა. მაგრამ... „მე 30 თანამშრომელი მყავდა, მაგრამ იძულებული გავხდი 8-მდე შემემცირებინა“, - ამბობს იგი.