17-01-2024
„ქართულ რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელთაც საკუთარი შეხედულება არ გააჩნიათ და პირდაპირ მიბმულები არიან გარე მოვლენებსა და დაკვეთებს, ჩინეთთან დაკავშირებით ერთი მიღწევა გვაქვს - ისინი სიტყვა „კომუნისტურს“ აღარ იყენებენ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
ჩიბურდანიძემ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის ეს პოლიტიკური კავშირი ის დამატებითი სარგებელია, რითაც საქართველო გაწევრიანების გზაზე უფრო საინტერესო ხდება.
„ევროკავშირს 2003 წლიდან არა მარტო სტრატეგიული შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინეთთან, არამედ 2023 წლის დეკემბრის თვეში ვნახეთ, თუ როგორ რიგ-რიგობით ჩადიოდნენ პოლიტიკოსები დასავლეთიდან ჩინეთში შეხვედრებზე, რომელიც ეკონომიკას, პოლიტიკას და ა.შ. ეხებოდა.
ქართულ რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელთაც საკუთარი შეხედულება არ გააჩნიათ და პირდაპირ მიბმულები არიან გარე მოვლენებსა და დაკვეთებს, ჩინეთთან დაკავშირებით ერთი მიღწევა გვაქვს - ისინი სიტყვა „კომუნისტურს“ აღარ იყენებენ. მიხვდნენ, რომ არ შეიძლება, რადგან დაინახეს - სი ძინპინსა და ბაიდენს შორის თუ როგორი გრანდიოზული შეხვედრა შედგა აშშ-ში; ნახეს ჩინეთის განცხადება, რომლის მიხედვითაც აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირება არ შეიძლება, რადგან ეს მსოფლიოს ძალიან დიდ საფრთხეს უქადის, ამიტომ მათ შორის მხოლოდ თანამშრომლობა და პარტნიორობა უნდა იყოს და ა.შ.
რაც შეეხება იმას, რასაც რადიკალური ოპოზიცია ახლა ამბობს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ევროპულ გზაზე ხელს უშლისო, ამაზე თავად ევროპელები არც ერთ სიტყვას არ ამბობენ. პირიქით, მათთვის საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა ჰაერია, რითაც ახალი სასიცოცხლო არტერია იხსნება.
ფაქტია, მთელი მსოფლიო იხედება ჩინეთისკენ, ინდოეთისკენ, სამხრეთ კორეისკენ და ა.შ. ვხედავთ, რომ მსოფლიოს პოლიტიკური ღერძი დასავლეთიდან შორეულ აღმოსავლეთში გადადის. ეს ახალი პოლიტიკური საუკუნის დასაწყისია, რომელიც აღმოსავლეთს ეკუთვნის. ამას აღიარებს თავად აშშ, ევროპა თუ ახლო აღმოსავლეთი. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის უდიდესი მიღწევაა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელმაც ამაში ბევრ ევროპულ ქვეყანას დაასწრო“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.