გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: დღეს წამყვანი ბიზნეს და პოლიტიკური ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ ჩინეთთან თანამშრომლობას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს

17-01-2024

„დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წელს ჩინეთის დელეგაცია უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა გლობალური გამოწვევების დასაძლევად და მათ დაძლევაზე საუბარი ჩინეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე ფორუმის მთავარი ტენდენციების შესახებ საუბრისას.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წამყვანი პლატფორმაა, სადაც წლის დასაწყისში ბიზნესის და პოლიტიკური ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს და სადაც, ფაქტობრივად, ხდება მსოფლიოში არსებული სიტუაციის სტატუსის შეფასება. ამასთან, საერთაშორისო დღის წესრიგის განსაზღვრაში ფორუმი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.


„ეს არ არის გადაწყვეტილების პლატფორმა, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ტენდენციები იკვეთება. ერთ-ერთი ასეთი ტენდენცია ისიცაა, რომ დღეს მსოფლიოს მეორე და ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის, ჩინეთის ლიდერი მონაწილეობს ფორუმში. პანდემიის შემდეგ ეს არის პირველი დავოსი, სადაც ჩინეთის ძალიან დიდი წარმომადგენლობაა, ასეთი ბოლო წლების განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ არ ყოფილა", - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.


ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, გამოწვევებთან ერთად მსოფლიოში უამრავი შესაძლებლობებია, ისინი ქვეყნებმა შეიძლება მხოლოდ თანამშრომლობით გამოიყენონ და საქართველო სწორედ ამ ტენდენციის ნაწილია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ სწორად იქნა შეფასებული ვითარება, როდესაც ძალიან პერსპექტიულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დაიწყო ჩინეთთან საუბარი. ვიცე-პრემიერი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნებს შორის დიალოგი მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე - სადაც ჩინურ ბიზნესს შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს და ეს ძალიან პერსპექტიული იყოს საქართველოს ეკონომიკისთვის.


„ამას ხედავ დასავლური სამყაროც - დღეს წამყვანი ბიზნეს და პოლიტიკური ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ ჩინეთთან თანამშრომლობას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. გამოწვევების დაძლევა მხოლოდ თანამშრომლობით შეიძლება - ასე რომ, ეს არის დავოსის დღევანდელი მთავარი თემა", - აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930