18-01-2024
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შანხაიში შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს დელეგაციის წევრები შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჩენ ძინგს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
საბჭოში გამართულ შეხვედრამდე, დელეგაცია იმყოფებოდა შანხაის განვითარების საგამოფენო ცენტრში, სადაც შანხაის განვითარების ეკონომიკურ გეგმას გაეცნო.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პეკინში.
„ქართული ოცნების“ დელეგაცია შეხვდა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, სუნ ხაიანს, სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს, ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის.
მმართველი პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე.
შეხვედრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ხვალაც გაიმართება.