18-01-2024
„ქართული ოპოზიცია დაღუპა საკუთარმა ახლომხედველურმა, ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ და პრინციპმა - „მხოლოდ ჩემი პოლიტიკის მწამს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ქართული საზოგადოება ადგილს 2024 წლის არჩევნებში მიუჩენს.
„რადიკალური ოპოზიციის ნაბიჯებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ შურისძიების სურვილი იკითხება. ეს ყოველივე სახელმწიფოებრივ აზროვნებას, ინტერესებს მოკლებულია.
ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან აღიარებებსა თუ მხილებებსაც. 2024 წლის არჩევნებამდე კიდევ არაერთი მხილება იქნება. ეს ის პროცესია, სადაც „ჭირი თავს ვერ მალავს“ - ყველაფერი ზედაპირზე ამოტივტივდება.
იმ პოლიტიკურ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს, სჭირდება ჯანსაღი, პრაგმატული, კონკურენტუნარიანი ოპონირება. სახელისუფლებო გუნდს არ ჰყავს ოპონირებადი ძალა, რომელიც ღიად დაუპირისპირდება მათ კარგი საქმის კეთებაში. შესაბამისად, ხდება ის, რაც ხდება. ამ ერთპროცენტიან პარტიებსა და ადამიანებს, რომელთაც, გარკვეულწილად, დიდი ამბიციები აქვთ და ძირგამომთხრელ სამუშაოებს აწარმოებდნენ სახელმწიფოს მიმართ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ქართველი ხალხი 2024 წლის არჩევნებში საკუთარ ადგილს მიუჩენს“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.